კომპანია „ბიოენტექში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი სახეობის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტიანობას უახლოეს დღეებში შეამოწმებენ
კორონავირუსის ახალი სახეობის წინააღმდეგ კომპანია „ფაიზერთან“ ერთად შექმნილი ვაქცინის ეფექტიანობას გერმანული კომპანია „ბიოენტექი“ უახლოეს დღეებში შეამოწმებს, – ამის შესახებ „ბიოენტექის“ თანამფუძნებელმა, უღურ შაჰინმა გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უღურ შაჰინი დარწმუნებულია, რომ გერმანულ-ამერიკული ვაქცინა ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტიანობას აჩვენებს. „ბიოენტექის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, „ევროპის წამლის სააგენტოსთან“ თანამშრომლობა შესანიშნავი იყო.
შაჰინმა დაადასტურა, რომ სერტიფიცირების პროცესში არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემაში გერმანიის ხელისუფლება დაეხმარა და შედეგად, მთელი პროცესი დაჩქარდა. შაჰინის თქმით, საერთო ჯამში, კომპანია ვაქცინის 1.3 მილიარდზე მეტი დოზის წარმოებას გეგმავს.
21 დეკემბერს, ევროკომისიამ ევროკავშირის ბაზარზე „ბიოენტექისა“ და „ფაიზერის“ მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.