თბილისში ტაქსის მძღოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობის ან გაჩერების შესაძლებლობა მიეცემათ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.
კანონპროექტის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.
როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განმარტა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, თბილისში ტაქსის მძღოლებს მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომისა და გადმოსხდომის მიზნით მიეცემათ შესაძლებლობა, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ ადგილას იმოძრაონ ან გაჩერდნენ.
„ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ, უსაფრთხოდ უზრუნველყონ მოძრაობა, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომისა და ავტომობილიდან გადმოსხდომის დროს. ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას“, – განაცხადა მაია ბითაძემ. კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.