კომიტეტის სხდომაზე იაგო ხვიჩია და გრიგოლ ვაშაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, ხმაური იყო.
„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას სიტყვით გამოსვლის დროს, რომელიც ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებდა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა: „ამ სხდომას თავმჯდომარე ჰყავს? აღარ გვინდა, რა, მემოარების მოსმენა“.
ამის შემდეგ იაგო ხვიჩიამ გრიგოლ ვაშაძეს „სულელი“ უწოდა.
„თქვენს ბოდვას ვუსმენდით, გრიგოლ, რა გვარი ხართ? რა გვარია ეს სულელი? ამ სულელის ბოდვას ვუსმენდით. თქვენ შეურაცხყოფილი ხართ დაბადებიდან. სულელია, ვინც ამას ვერ ხვდება, საერთოდ როგორ ზიხარ აქ?“ – მიმართა იაგო ხვიჩიამ.
საპასუხოდ, გრიგოლ ვაშაძემ იაგო ხვიჩიას „გაუნათლებელი“ და „უზრდელი“ უწოდა.
იაგო ხვიჩიას თქმით, თავად აზრის დაფიქსირება არავისთვის შეუწყვეტინებია. მისივე განცხადებით, პარლამენტის წევრს აზრის დასრულების საშუალება უნდა ჰქონდეს.
„ათასი სულელური აზრი მოვისმინე, მაგრამ არავისთვის შემიწყვეტინებია. ერთ-ერთი სანიმუშო ამორალური ადამიანი ამ დარბაზში მაძლევს შენიშვნას, რატომ? არ არის ამორალური? სინამდვილეში ახლა კამათი რაზე გვაქვს, ერთი მხარე იძახის, ამ ხალხს ცოტა ფული უნდა მივცეთო, მეორე მხარე ამბობს – ბევრი ფული უნდა მივცეთო. სინამდვილეში, უნდა ვკამათობდეთ იმაზე, სახელმწიფო უნდა ერეოდეს ავტორების საქმიანობაში თუ ეს უნდა წყდებოდეს სასამართლოს მეშვეობით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ამასთან, სხდომაზე სტუმრად მყოფი პირები იაგო ხვიჩიას გამოსვლისას პროტესტის ნიშნად მაგიდაზე ხელებს აბრახუნებდნენ. უმრავლესობის დეპუტატმა მათ მიმართა, პარლამენტის წევრისთვის სიტყვით გამოსვლა დაესრულებინათ.
ამავდროულად, აღნიშნულთან დაკავშირებით იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „არ მინდოდა, ვინმესთვის მეწყენინებინა, არავისთვის არ მიმიყენებია ჩემი ინიციატივით შეურაცხყოფა. ვცადე, ყველასთან კორექტული ვყოფილიყავი. თავდასხმა პოზიციის გამო, რომ შენ რაღაცის გჯერა – მე რომ ამოგივარდეთ სცენაზე, მიკროფონი წაგართვათ და სიმღერა არ დაგასრულებინოთ, მოგეწონებოდათ?“