საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომის განახლების შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „გირჩის“ ერთ-ერთი წევრი იაგო ხვიჩია და უმრავლესობის წევრები.
იაგო ხვიჩიამ გააპროტესტა თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრის, გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებები და მის მიმართ შეურაცხმყოფელი ეპიტეთები გამოიყენა.
„ის გენერალი არ არის, ის არის „ქართული ოცნების“ აქტივისტი, პოლიტიკოსია. მან უარი თქვა გენერლობაზე. ეგ კაცი არის ფეიკგენერალი და გენერლის მანტიას არცხვენს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიას განცხადების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა მას მოუწოდეს, მსგავსი განცხადებებისგან თავი შეეკავებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევდა კომიტეტის სხდომის დატოვება. საბოლოო ჯამში, თავად იაგო ხვიჩიამ მიიღო გადაწყვეტილება, სხდომა დაეტოვებინა.
ცოტა ხნის წინ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილსა და უმრავლესობის წევრს, გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შორის.