კომისიის გადაწყვეტილებით, 260-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცემა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ოროთახიან ბინას 260-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.
სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი, ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა.
„კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდებზე უკვე გამოქვეყნდა. დევნილი ოჯახების განსახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს და მიმდინარე წელს, ახალი საცხოვრებელი 3000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება დევნილთა სააგენტოში (თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა) 5 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, გაიმართება.