კომერციულ ბანკებს 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი მიეწოდებათ, ასევე ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით 500 მილიონი ლარი გამოიყოფა
კომერციულ ბანკებს 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი მიეწოდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბანკებს გაუჩნდებათ ხელმისაწვდომი ლარის შედარებით იაფი რესურსი.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბანკებისთვის ლარის რესურსს ვაგრძელებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკებს გაუჩნდებათ ხელმისაწვდომი ლარის შედარებით იაფი რესურსი, რომელიც, რა თქმა უნდა, გადაცემული იქნება პირველ რიგში ეკონომიკაში“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, მისი თქმით, ბიზნესის მხარდაჭერისთვის გამოიყოფა დამატებით 500 მილიონი ლარი.
„ბიზნესის მხარდაჭერისთვის გამოიყოფა დამატებით 500 მილიონი ლარი, რასაც ექნება თავისი მიზნობრივი მიმართულებები და ეს მიზნობრივი მიმართულებები გახლავთ შემდეგი: საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომლისთვისაც განსაზღვრული იქნება – 300 მილიონი ლარი. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მეწარმეების დახმარებისთვის. რა თქმა უნდა, აქ ძირითადი მიმართულება და მიზნობრივი ჯგუფი იქნებიან მცირე და საშუალო მეწარმეები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ინსტრუმენტით შევძლებთ, 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის აწევას, გამყარებას, გაცემას. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მისცემს გარანტიის საშუალებას სესხის 90 პროცენტზე. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი განსაკუთებით იმ მეწარმეებისთვის, რომლებსაც დაწყებული აქვთ გარკვეული პროექტები და ამ კრიზისულ პერიოდში გაბედავენ და გადადგამენ ნაბიჯს ახალი მიმართულებისა და ახალი ბიზნესების შესაქმნელად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, იმ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ძველი სესხები, რესტრუქტურიზაციის სახით, სახელმწიფო 30 პროცენტის გარანტირების ნაწილში შეეხიდება.