კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტების ნაწილმა კოლუმბიის კონგრესში შეჭრა სცადა, მანამდე გვიან ღამით დედაქალაქში პოლიციის შენობებზე თავდასხმა მოხდა.
ბოგოტაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები უკვე მერვე დღეა იმართება. თავდაპირველად დემონსტრაციები საგადასახადო რეფორმის წინააღმდეგ დაიწყო, თუმცა საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც მმართველმა პარტიამ საკანონმდებლო ინიციატივა უკან გაიწვია, ხოლო ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამჟამად მომიტინგეები მთავრობისგან სიღარიბის, პოლიციის მხრიდან ძალადობისა და ჯანდაცვისა და განათლების სისტემებში უთანასწორობის დაძლევას ითხოვს. კოლუმბიაში რვადღიანი საპროტესტო გამოსვლებისა და პოლიციასთან შეტაკების დროს გარდაიცვალა სულ მცირე 24 ადამიანი.
ბოგოტის მერიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ბოგოტაში პოლიციის 20-ზე მეტ შენობას დაესხნენ თავს, სამი კი მთლიანად გაანადგურეს. მერიის ცნობით, ერთ-ერთი თავდასხმისას მოქალაქეთა ჯგუფმა 10 პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა როდესაც პოლიციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
კოლუმბიის მთავრობის განცხადებით, არეულობების დროს მომხდარი ვანდალიზმისა და მაროდიორობის უკან ნარკოდაჯგუფებები და კრიმინალური ბანდები დგანან. პრეზიდენტ ივან დუკეს თქმით, დაკავებულია 550-ზე მეტი ადამიანი.