კოლუმბიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს მემარჯვენე ივან დუკე და მემარცხენე გუსტავო პეტრო დაუპირისპირდებიან. აღნიშნულმა კანდიდატებმა 27 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ხმათა 39,14 და 25,08 % მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ივან დუკე პარტია “დემოკრატიული ცენტრის” კანდიდატია, რომლის ლიდერიც, ექსპრეზიდენტი ალვარო ურიბე, მეამბოხე ორგანიზაცია “კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებთან” მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების წინააღმდეგია, ხელშეკრულების რომელმაც ნახევარსაუკუნოვანი დაპირისპირება დაასრულა. გამარჯვების შემთხვევაში ივან დუკე ამ შეთანხმების გაუქმებას გეგმავს.
მისი ოპონენტი, გუსტავო პეტრო კოალიცია “ჰუმანური კოლუმბიის” კანდიდატია. ის 2012-2015 წლებში დედაქალაქ ბოგოტას მერი იყო. ასევე შედიოდა მეამბოხეთა მოძრაობა M-19-ის შემადგენლობაში.
წინასწარი გამოკითხვის შედეგად, ამომრჩეველთა 45.5% ხმას ივან დუკეს, გუსტავო პეტროს კი 40 % უჭერს. არჩევნებში მონაწილეობის მიღება 36 მილიონზე მეტ მოქალაქეს შეუძლია.