კოკა ყანდიაშვილი - გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას „ფეისბუქთან“, გუგლთან და სხვა სოციალურ ქსელებთან, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს ფეიკნიუსებთან, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა
ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი მასსა და მედიაკომპანია „ესპერსონას“ საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადებებს ეხმაურება.
ყანდიაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მას 2004 წლიდან ყველა ხერხით ებრძვის.
„ყურადღებით ვადევნებ თვალს სიყალბით სავსე განცხადებებს პირადად ჩემსა და „ესპერსონას“ საქმიანობაზე. არახალია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ხერხით მებრძვის 2004 წლიდან. არც ისაა ახალი, რომ არასდროს დავიღლები ამ ბოროტ ძალასთან ბრძოლით. დიახ, ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი იყო, ჩამოვეშორებინე ჩემს საყვარელ საქმეს – ტელევიზიას. გამოუვიდათ კიდეც. მაგრამ, ვერავინ ამიკრძალავს შევქმნა მედია საშუალებები და ხალხს გავაგებინო სიმართლე, რომელიც ხან პარტიებს არ მოსწონთ და ხანაც ბიზნესებს“,- ნათქვამია კოკა ყანდიაშვილის განცხადებაში.
ამასთან, ყანდიაშვილი განმარტავს, რომ 2014 წლიდან, აღარ არის საჯარო სამსახურში.
„მე არ ვყოფილვარ და არ ვარ „ქართული ოცნების“ თანამშრომელი, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ. ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ.
„ესპერსონა“ დამოუკიდებელი მედია პლატფორმაა, რომლის საქმიანობაც კარგადაა ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ესტუმრეთ ჩვენს ვებ გვერდს www.espersona.com და თავად ნახავთ. რაც შეეხება „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებს, რომლებმაც მიაწოდეს „კვლევის“ მასალები „ფეისბუქს“, თავად „კვლევის“ სამიზნედ პირადად მე და „ესპერსონა“ ჰქონდათ ამოღებული, რომ რამენაირად მოეყენებინათ ჩვენთვის ზიანი. რასაც ამ ეტაპზე მიაღწიეს კიდეც, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას „ფეისბუქთან“ და დარწმუნებული ვარ, რომ ამათ ტყუილებს მალე მოეღება ბოლო.
მინდა, აღვნიშნო, რომ ახლო მომავალში, ჩემს ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთად, უფრო საინტერესო მედია პროდუქტებს შევთავაზებთ ჩვენს საზოგადოებას. ასევე მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ „ფეისბუქთან“, გუგლთან და სხვა სოციალურ ქსელებთან, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს ფეიკ ნიუსებთან, რუსულ პროპაგანდასთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან ბრძოლა“, – აცხადებს კოკა ყანდიაშვილი.
„ფეისბუქის“ მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებსა და მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ დაკავშირებული გვერდები, ასევე ჯგუფები წაშალა.