კოკა კობალაძის ცემის საქმეზე ორი პოლიციელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსი სამსახურიდან დაითხოვეს
კოკა კობალაძის ცემის საქმეზე ორი პოლიციელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსი სამსახურიდან დაითხოვეს

​კოკა კობალაძის სახლში მომხდარი ინციდენტის საქმეზე, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, შსს-მ ორი პოლიციელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსი სამსახურიდან დაითხოვა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოქალაქე ა. კობალაძის საცხოვრებელ სახლში მომხდარ ინციდენტში სამართალდამცველთა შესაძლო მონაწილეობის ფაქტის შესწავლა მიღებული შეტყობინებისთანავე, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელ ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების პოლიციის თანამშრომლები, უბნის ორი ინსპექტორ-გამომძიებელი იმყოფებოდა. თავად პოლიციელებმა დამალეს კობალაძეების ოჯახში ყოფნის ფაქტი.

ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საფუძვლიანი ეჭვები ბინაში პოლიციელთა ყოფნის ფაქტის დამალვის მოტივაციასთან დაკავშირებით, მათ მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ზომა – ორივე პოლიციელი დათხოვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლდნენ პოლიციელების უშუალო ხელმძღვანელი და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს თბილისის პროკურატურაში.