კოკა კობალაძე აცხადებს, რომ მის ცემაში მონაწილე პოლიციელების ციხეში გაშვება არ სურს
პოეტ კოკა კობალაძის ცემაში მონაწილე პოლიციელებისა და მათი ხელმძღვანელების გათავისუფლებას კოკა კობალაძე და მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე მიესალმებიან და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები მაქსიმალურად არის დაკმაყოფილებული.
„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ეს მოძალადე ადამიანები არ ყოფილიყვნენ სისტემაში, რაც დაკმაყოფილდა. არ ვითხოვთ, გინდა თუ არა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კოკა კობალაძის განცხადებით, პოლიციელების ციხეში გაშვება არ უნდა და სამსახურიდან მათი გათავისუფლებითაც კმაყოფილია. კობალაძემ შს მინისტრს და შს-ს გენერალური ინსპექციის უფროსს რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
„არც ერთი არ მემეტება ციხისთვის. რადგან იქ დანაშაულს ადამიანი ვრ მოინანიებს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას. კარგია, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო და ჩემს სახლში მომხდარის გამო, ოთხი პოლიციელი დაითხოვა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო გენერალური ინსპექციის უფროსს, რომელიც პირადად დაინტერესდა ჩემი მდგომარეობით და პირობა მომცა, რომ ყველაფერს გამოიძიებდა“,-განაცხადა კოკა კობალაძემ.