კოკა კაციტაძემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი სათავო ოფისის მშენებლობა დაათვალიერა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, პირველ მოადგილესთან, გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, სამსახურის ახალი სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი სათავო ოფისი თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე, 4 440 მ2 მიწის ფართობზე შენდება და იგი სამსახურის ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე სრულად იქნება მორგებული. აღიჭურვება უსაფრთხოებისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნიკით და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე. მოეწყობა არასრულწლოვანთა გამოკითხვის სივრცეები, ამოცნობის და დროებითი დაკავების ოთახები, ნივთიერ მტკიცებულებათა საცავი, სასერვერო, საარქივო, სათავსო ოთახები და ოპერატიული დანიშნულების ავტომობილების პარკირების სივრცე.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა და იგი ფუნქციონირებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან გადმოცემული იჯარით აღებულ შენობაში შეუდგა, რომელიც, შენობის მდგომარეობის და კონფიგურაციის გათვალისწინებით, ვერ პასუხობს საგამოძიებო ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნებს. შესაბამისად, სამსახურმა შექმნისთანავე, არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაძლიერება დაისახა მიზნად, რომელიც, სათავო ოფისის მშენებლობის გარდა, სამსახურისთვის რეგიონული ოფისების დამატებასაც მოიცავს. რეფორმის ფარგლებში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი საგამოძიებო ოფისები თელავსა და ზუგდიდში გახსნა, გარემონტდა და ადაპტირდა სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისი და სამსახურის ბალანსზე იქნა აყვანილი აქამდე დროებითი სარგებლობით გადმოცემული ქუთაისის ოფისი. 2025 წლის გაზაფხულიდან სამსახურს ასევე შეემატება რუსთავში მდებარე ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი, ამის შემდეგ კი მეექვსე რეგიონული ოფისი გორში გაიხსნება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი სათავო ოფისის მშენებლობის დასრულება 2025 წლის დეკემბერში იგეგმება. პროექტის ღირებულება 17 850 000 ლარს შეადგენს“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.