კოკა კაციტაძე - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 153 პირი
დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მან ვრცლად ისაუბრა სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე.
კოკა კაციტაძემ გამოსვლაში ყურადღება დაუთმო სამართალდამცველების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების სტატისტიკურ მონაცემებს და ამ მიმართულებით გახსნილი საქმეების მაჩვენებელს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა. სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს.
მისი განცხადებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 153 პირი.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 153 პირიდან 62 სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 69 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 16 პირი კი – ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.
მნიშვნელოვნად გაზრდილი დატვირთვისა და მცირე ადამიანური რესურსის მიუხედავად, სამსახურმა 10 თვეში 2 514 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, გამოძიება 420 საქმეზე დაიწყო. 237 (56%) სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება, 129 (31%) საქმე – მოქალაქეების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ხოლო 54 (13%) – სამართალდამცავების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს.
ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.