კოჯორში სამხედრო მოსამსახურეების დაჭრის საქმეზე ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
კოჯრის სამხედრო ბაზაზე ჩხუბის დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საქმეზე ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კოჯრის სამხედრო ბაზაზე ჩხუბის დროს სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები ე. ჩ. და ნ.გ. დააკავეს.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 01 აგვისტოს, ქალაქ თბილისში, დაბა კოჯორში მდებარე გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების აკადემიის ტერიტორიაზე, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულებმა ე. ჩ.-მ და ნ.გ-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ამავე სამხედრო ნაწილის სამ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეს.
დაკავებულთაგან ერთ პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე ბრალდებულს – 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ცხრიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2018 წლის 31 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.