კობიაშვილმა დამწყებ მსაჯებს მიმართა - თქვენი თაობა სტერეოტიპს შეცვლის
სასტუმრო „მოხალისემ“ დღეს “მსაჯთა აკადემიის“ პირველ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა. 2017 წლის მიწურულს, ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოში პირველად გახსნა მსაჯთა აკადემია, კურსის მონაწილეები კი სასურველ პროფესიას სრულიად უფასოდ ეუფლებოდნენ.
პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. მსაჯობის შესწავლის 500 მსურველიდან, 20 დეკემბერს გასაუბრების შედეგად, 30 საუკეთესო შეირჩა, რომელთა შორისაც 7 გოგონა გახლდათ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა მომავალ მსაჯებს შესაბამისი დიპლომები და სიმბოლურად, მსაჯის სამკერდე ნიშნები გადასცეს. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორის, ზაზა დოლიძის თქმით, ორგანიზაცია სამსაჯო კურსებს მომავალშიც დააფინანსებს.
“თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებთ. მიხარია, რომ არ შეუშინდით არც დიდ კონკურსს, არც დატვირთულ გრაფიკს და ფიზიკურ დატვირთვებს და დღეს დიპლომები დამსახურებულად მიიღეთ. განსაკუთრებით გოგონების აქტიურობა მახარებს. თქვენ, ახალი თაობა საზოგადოებაში მსაჯებთან დამკვიდრებულ სტერეოტიპს შეცვლით და მჯერა, უფრო მეტ ადამიანს მოუნდება, რომ ფეხბურთის ნაწილი სწორედ ამ გზით გახდეს“,- ამბობს კობიაშვილი.