კობი-გუდაურის მიმართულებით, სატვირთო მანქანების გადაადგილება შეჩერებულია
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, კობი-გუდაურის მიმართულებით, ზვავსაშიშროების გამო, სატვირთო მანქანების გადაადგილება შეჩერებულია.
მისივე თქმით, მსუბუქ და ორხიდიან მანქანებს გუდაურამდე გადაადგილება შეუძლიათ.
“ამ დროისთვის სატვირთო მანქანების გადაადგილება კობი-გუდაურის მიმართულებით შეჩერებულია ზვავსაშიშროების გამო. მოძრაობა ასევე სატვირთო მანქანებისთვის შეჩერებულია უკვე მცხეთა-გუდაურის მიმართულებით. გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, სადაც ეს მანქანები პარკირებას გადიან. მსუბუქი მანქანების გადაადგილება ამ ეტაპისთვის გუდაურამდე შესაძლებელია, მაღალი გამავლობის მანქანებისთვისაც ასევე შესაძლებელია, ორხიდიან მანქანებს ვგულისხმობ. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ ზვავსაშიშროების საფრთხე არსებობს და აქედან გამომდინარე, დიდი მანქანების გადაადგილება შეჩერებულია“, – განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.
მისივე თქმით, თოვა ამ დროისთვის ინტენსიური გრძელდება და პარალელურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
“ამ ეტაპისთვის გუბერნია, დუშეთის მუნიციპალიტეტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი დაკავებული ვართ იმით, რომ მოვამარაგოთ მგზავრები და მძღოლები საკვებით. მათ ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ აქვთ. დაურიგდათ საკვები, წყალი, განთავსდა ბიოტუალეტები, მოგვარებულია სანიტარიის საკითხები და ახლა ვხვდებით მძღოლებს, რომლებსაც ვაწვდით ინტენსიურად ყველა სიახლეს მიმდინარე პროცესებთან და სამუშაოებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.