კობა თურმანიძე - ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა არც იყოს გასაკვირი, რომ გამოკითხულთა 90 პროცენტს უვიზო მიმოსვლით არ უსარგებლია
შეიძლება ერთი შეხედვით გაგვიკვირდეს, რომ გამოკითხულთა 90 პროცენტს უვიზო მიმოსვლით არ უსარგებლია, მაგრამ ეკონომიკურ მდგომარეობას რომ შევხედოთ, შესაძლოა ეს არც იყოს გასაკვირი, – ამის შესახებ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC – საქართველო) დირექტორმა, კობა თურმანიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება გამოკითხულთა 90 პროცენტს, ვისაც უვიზო მიმოსვლით არასოდეს უსარგებლია, შეიძლება ეს ერთი შეხედვით გაგვიკვირდეს, მაგრამ ეკონომიკურ მდგომარეობას რომ შევხედოთ, შესაძლოა არც იყოს გასაკვირი. სამოგზაუროდ დადის ძალიან მცირე ჯგუფი – საშუალო და მაღალი ფენის, რაც საქართველოში ძალიან მცირეა, მოსახლეობის სულ რამდენიმე პროცენტი“, – განაცხადა თურმანიძემ.
მისივე თქმით, მათი კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა, რომ ტენდენცია ევროკავშირისა და ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მიმართ გრძელდება.
„გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს როგორც ერთს, ისე მეორეს, და რაც მთავარია, ეს მხარდაჭერა არის მტკიცე. ვინც მხარს უჭერს, უჭერს მტკიცედ და ასევე, ვინც მხარს არ უჭერს, მცირე რაოდენობა, ისიც მტკიცედ არის ჩამოყალიბებული თავის არჩევანში. ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდამჭერები მოელიან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და უსაფრთხოების გაუმჯობესებას. ვინც მხარს არ უჭერს, ძირითადად უთითებს რუსეთის მიმართ შიშზე, ანუ რუსეთის ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანია.
სხვა კითხვებიდან ჩანს, რომ რუსეთის მიმართ საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულებაა. გარდა იმისა, რომ არის ერთგვარი შიში რუსეთის მიმართ, ასევე მისი როლის შეფასება ქვეყნის ეკონომიკაში, პოლიტიკურ მდგომარეობაში, საკმაოდ ნეგატიურია. დღეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა პროდასავლური კურსის მიმართ, თუმცა არის გარკვეული შეშფოთება რუსეთის მოსალოდნელი პასუხის მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვირჩევთ პროდასავლურ კურსს“, – განაცხადა თურმანიძემ.