კობა ნაყოფია - სააკაშვილს სერიოზული სამედიცინო რეაბილიტაცია სჭირდება, შესაძლოა, უცხოეთში გადაყვანა გახდეს საჭირო
სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის. ჩემის აზრით, რეაბილიტაციის პროცესი ბევრად კარგად უნდა ვითარდებოდეს და ამისთვის შესაძლოა, უცხოეთში გადაყვანა გახდეს საჭირო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულ სამედიცინო რეაბილიტაციას საჭიროებს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, საკუთარი თვალით მენახა და გამეგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი კარგ პოლიტიკურ ფორმაშია, მაგრამ მომეჩვენა, რომ არის სუსტად და მას უჭირს გადაადგილება. ჩემი აზრით, რეაბილიტაციის პროცესი ბევრად კარგად უნდა ვითარდებოდეს და ამისთვის შესაძლოა, საჭირო გახდეს უცხოეთში გადაყვანა. ექიმები ეცნობიან მის ანალიზებს, მაგრამ ზოგადად არის მედიცინაში ასეთი მიდგომა, რომ ანალიზები არის ციფრები, სტატისტიკური მაჩვენებელი. პირველ რიგში, ფასდება კლინიკური მდგომარეობა. ექიმების კომპეტენციაში ვერ შევალ, მაგრამ რაც დავინახე, სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის. რაც ვესაუბრე, ნამდვილად საჭიროებს სერიოზულ სამედიცინო რეაბილიტაციას. პირველ რიგში, ეს საკითხი კონსილიუმისა და ექიმების გადასაწყვეტია.
იცით, რა გზა განვლო მან- შიმშილობისა და წამების. დღეს საუბრისას სააკაშვილი ცდილობდა, გლდანთან დაკავშირებით რაღაცები გაეხსენებინა. მითხრა, რომ უდიდესი ნაწილი აღარ მახსოვს. აშკარად პოსტტრავმული სინდრომის მსგავსი რაღაც ხდება. ადამიანი გაატარეს წამების დერეფნებში. კობახიძეს გუშინ უთქვამს, მერე რა, რომ აქ ეგრე ვათრიეთ და მოვეპყარით, უკრაინაშიც ეგრე მოექცნენ თავის დროზეო. უკაცრავად, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტი არ ყოფილა. მეორე – ადამიანებს, ვინც მიხეილ სააკაშვილს ასე მოეპყრენ უკრაინაში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით ასამართლებენ. საქართველოში კი არანაირი გამოძიება არ დაწყებულა იმაზე, რაც საზოგადოებამ იხილა. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს ბევრად ინტენსიურ, მაღალი ხარისხის რეაბილიტაციის პროცესს და ამ შემთხვევაში ვემყარები „ემპათიას“ დასკვნას“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.