კობა ნაყოფია - პარტიაში, სულ მცირე, ვიქნები იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არის პუტინისა და ივანიშვილის პირადი ტყვე, ამიტომ პარტიას არ დავტოვებ, მაგის იმედი ნურავის აქვს
პარტიაში, როგორც მინიმუმ, ვიქნები იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არის პუტინისა და ივანიშვილის პირადი ტყვე ქართულ ციხეში, ამიტომ პარტიას არ დავტოვებ, მაგის იმედი ნურავის აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
„რაც შეეხება ჩემს თანამდებობას, პოლიტსაბჭოს არჩევნები ისედაც არის მარტში. დიდი ალბათობით, არ მივიღებ მონაწილეობას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე“,- აღნიშნა ნაყოფიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაიშლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ორ ფლანგად, ნაყოფია ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
„არ მგონია, რომ ორ ფლანგად დაიშალოს. „ნაციონალური მოძრაობა” არის ძალიან დიდი პარტია და არა მგონია, ეს პროცესები მოჰყვეს. თუმცა ალბათ გადანაცვლებები მოხდება მმართველ რგოლში. ეს ბუნებრივია, როცა ერთი კანდიდატი იმარჯვებს, იმას მართვაში თავისი გუნდი მოჰყავს. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის”, – განაცხადა ნაყოფიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.