კობა ნაყოფია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია აცხადებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ნაყოფიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, სხდომაზე აუცილებლად იმსჯელებენ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დაგროვდა, და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რაც გააძლიერებს პარტიას მთავარ ბრძოლაში.
„ახლა ვიმყოფები კიევში. უკრაინაში დიდი თუ პატარა, განსაკუთრებით, პოლიტიკური ელიტა, დაინტერესებულია ერთი მთავარი საკითხით საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. აქ ყველა სვამს მხოლოდ ერთ კითხვას, და ეს არ არის მხოლოდ კითხვის დასმა, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ამ ფონზე, მე ცოტა გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით.
მოგეხსენებათ, დღეს ჩვენი კოლეგისა და თანამებრძოლის ბრიფინგი გაიმართა იმასთან დაკავშირებით, როდის უნდა ჩაინიშნოს პოლიტსაბჭოს სხდომა. ვფიქრობ, ბევრად უფრო კორექტული და კარგი იქნებოდა, თუ ეს მოხდებოდა კონსულტაციების შედეგად. უბრალოდ, ერთი სართულით მაღლა იყო ასასვლელი პარტიის ოფისში. კოლეგებთან შეიძლებოდა საუბრის გამართვა, რომ ერთიანად შეთანხმებულიყვნენ თარიღზე. ან ყველაზე მარტივი იქნებოდა ტელეფონის ზარი, რომელიც დღეს საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ მათ, ჩემდა სამწუხაროდ, არჩიეს ეს გზა.
მე ძალიან კარგად მესმის, რომ არჩევნები პარტიაში უნდა ჩატარდეს ღიად, გამჭვირვალედ. არავის უნდა ჰქონდეს არანაირი ეჭვი მის შედეგზე და ასე შემდეგ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნების ჩატარების ფორმა და თვითონ კამპანია იყოს ღირსეული და ისეთი, როგორიც გააძლიერებს ჩვენს პარტიას მთავარ ბრძოლაში. მთავარი ბრძოლა არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება. მთავარი ბრძოლა არის წინ – ეს არის დღევანდელი ხელისუფლების, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის შეცვლა და ამ ქვეყნის მომავალზე ფიქრი, მისი განვითარება. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და არა ის, როდის ჩაინიშნება პოლიტსაბჭო, ეს იქნება ოთხშაბათი თუ ხუთშაბათი.
როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაინიშნოს 2022 წლის 11 დეკემბრის 15:00 საათზე. პოლიტსაბჭოს ყველა წევრს ვთხოვ, მობრძანდეს. ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დაგროვდა და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც გააძლიერებს ჩვენს პარტიას მთავარ ბრძოლაში“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა დღეს მოუწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობას, „დაუყოვნებლივ ჩაინიშნოს პოლიტსაბჭოს სხდომა, განისაზღვროს და დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი. ვფიქრობთ, პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს ორშაბათს, 5 დეკემბერს“.