კობა ნარჩემაშვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნის ინიციატივით გამოდის
დღევანდელი სახით საგამოძიებო სამსახურებისა და მთელი სამართალწარმოების შენარჩუნება არ იძლევა სათანადო შედეგებს და გამოძიების რეფორმირება აუცილებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, ბოლო ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ საგამოძიებო სამსახურების რეფორმა, სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად და მნიშვნელოვან მიმართულებას უნდა წარმოადგენდეს.
„ამ საკითხის გადაწყვეტა უშუალოდ არის დაკავშირებული სასამართლოში წარმოებული საქმეების ხარისხის გაუმჯობესებასთან, კანონიერების განმტკიცებასა და მართლმსაჯულების სრულყოფასთან. საბოლოო ჯამში კი სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირებასთან. წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ამ თვალსაზრისით უკიდურესად მძიმეა. 2004-2012 წლებში სამართალწარმოება გაბატონებული ჯგუფის ხელში გადაიქცა პოლიტიკურ იარაღად. გამოძიების პროცესი იყო უკიდურესად ფორმალიზებული. შინაარსი მოკლებული, ხოლო საკანონმდებლო თეზა ყოველმხრივი სრული და ობიექტური გამოძიების შესახებ ფიქციად გადაიქცა.
სამართალწარმოების პროცესის მაქსიმალურმა პოლიტიზირებამ და რეპრესიულობამ ცხრა წლის განმავლობაში უკიდურესად ნაგატიურად იმოქმედა გამომძიებლების კვალიფიკაციაზე”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
მისივე თქმით, გამოძიების სტადიაზე სამართალწარმოების პროცესის ზერელობა და ზედაპირულობა მემკვიდრეობად ერგო ახალ ხელისუფლებას და გამოძიების ჩამტარებელ ორგანოებს, თუმცა სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით ხელისუფლებამ რადიკალური ცვლილებების განხორციელება ვერ შეძლო.
„ასეთ ვითარებაში, სასამართლოებმა, რომლებიც ახალი ხელისუფლების დროს გათავისუფლდნენ პოლიტიკური წნეხისაგან, აპელირება დაიწყეს გამოძიების დაბალ ხარისხზე, მტკიცებულებების არარსებობაზე ან არასამკარისობაზე. შედეგად მივიღეთ მრავალი გამამართლებელი განაჩენი და მართლმსაჯულებას თავდაღწეული ბევრი სისტემური ბოროტმოქმედი. ფორმალურად, გარკვეულწილად მოსამართლეები მართალნიც იყვნენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი გადაწყვეტილებები ემთხვეოდა და დღესაც ემთხვევა მათ პოლიტიკურ სიმპათიებს. ვითარებამ დაგვანახა, რომ გამომძიებლების კვალიფიკაცია დღესაც დაბალია”, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, დღევანდელი სახით საგამოძიებო სამსახურებისა და მთელი სამართალწარმოების შენარჩუნება არ იძლევა სათანადო შედეგებს და გამოძიების რეფორმირება აუცილებელია.
„მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა, რაც სამართალწარმოების, საბოლოო ჯამში კი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელი პირობაა, უნდა დაედოს საფუძვლად ახალი ტიპის ერთიანი საგამოძიებო სამსახურის შექმნას, რომელიც გამოიძიებს სხვადასხვა კატეგორიის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე საქმეებს. აღნიშნული სამსახურის უმთავრესი მიღწევა იქნება გამოძიების სპეციალიზაციის მაღალი დონე, რაც ფართოდ არის დამკვიდრებული წამყვან ცივილიზებულ ქვეყნებში. ჩემი აზრით, აღნიშნულ სამსახურს არ უნდა ჰქონდეს ოპერატიული და დანაშაულის პრევენციის პირდაპირი ფუნქცია. მას ექნება მხოლოდ აღნიშნული კატეგორიების საქმეების კვალიფიციური გამოძიებისა და სასამართლოში წარმართვის დანიშნულება. გაერთიანებულმა სამსახურმა დეპარტამენტი იქნება, სააგენტო, თუ ბიურო, საპროკურორო ზედამხედველობის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს სასამართლოების მხრიდან საბოლოო შედეგის ობიექტური და სრულყოფილი მართლმსაჯულების განხორციელება. აღნიშნულ დანაყოფზე უნდა განხორციელდეს საპარლამენტო კონტროლი, მის ხელმძღვანელს გარკვეული ვადით უნდა ამტკიცებდეს საქართველოს პარლამენტი და უწყება ანგარიშვლადებული უნდა იყოს პარლამენტის მიმართ. აღნიშნული სამსახურის ოპერატიულ უზრუნველყოფას დანაშაულის სახეობების მიხედვით უნდა უზრუნველყოფდეს შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამსახურისა და სასჯელაღსრულების შესაბამისი დანაყოფები”, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.
მისივე თქმით, ხანგრძლივმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ოპერატიული სამსახურების გვერდით წინასწარ გამოძიებას უჭირს ობიექტურობის შენარჩუნება.
„ოპერატიული სამსახურის ხელმძღვანელები არ შეიძლება ჩაერიონ გამოძიებაში. ამასთან, ოპერატიული სამსახურები ყოველთვის დაინტერესებული არიან თავიანთ ჭერქვეშ ჰყავდეთ ოპერატიული საგამოძიებო სამსახური. ერთ სისტემაში ოპერატიული და საგამოძიებო სამსახურის შენარჩუნება იწვევს ძალაუფლების მაქსიმალურ კონცენტრირებას, ასეთი უწყება რთულად საკონტროლებელი ხდება საზოგადოების მხრიდან. მიზანშეწონილად მიმაჩნია ხელისუფლების შიგნითვე დავიწყოთ მსჯელობა დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.