კობა ლურსმანაშვილი - სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ასეთი ინტენსივობით ჩარევა მიზანშეწონილი არ არის
კობა ლურსმანაშვილი - სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ასეთი ინტენსივობით ჩარევა მიზანშეწონილი არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, მისთვისაც შემაშფოთებელია, როცა ზოგიერთი კონგრესმენის კრიტიკა უსაფუძვლოდ გამოიხატება საქართველოში არსებულ მზარდ დემოკრატიასა თუ ეკონომიკურ სვლასთან მიმართებაში.

ჟურნალისტებთან საუბარში კობა ლურსმანაშვილი ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო მეგობრების დამოკიდებულებას აფასებს და მთავარი პარტნიორის, ამერიკის კონგრესმენთა აზრი უმნიშვნელოვანესია.

„თუმცა, როცა ისინი არიან შეშფოთებულები, შეშფოთების საფუძვლები რეალურად არსებობს თუ არა, ამაზე ჩვენი მხრიდან განმარტებები კეთდება. არჩილ თალაკვაძემ და კახა კუჭავამ აშშ-ში პირადად მოახსენეს იმ პროცესების შესახებ, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს. ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან შეშფოთება ჩემთვისაც შემაშფოთებელია, როცა ხშირ შემთხვევაში მათი კრიტიკა უსაფუძვლოდ გამოიხატება ჩვენს ქვეყანაში არსებულ მზარდ დემოკრატიასა თუ ეკონომიკურ სვლასთან მიმართებით.

ვფიქრობ, სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ასეთი ინტენსივობით ჩარევა, არ არის მიზანშეწონილი. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, უფლება მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული, საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მივიღო. რაც შეეხება იმას, რომ სამართალწარმოების მიმართულებით თითქოს ოპონენტების შევიწროვება ხდება, ამას აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ, რადგან კონკრეტულ ქმედებებზე სამართალწარმოება წლების განმავლობაში მიმდინარეობს, რომელთა საბოლოო შედეგიც ახლა დადგა. აქედან გამომდინარე, ეს ვერ იქნება პოლიტიკური ნიშნით გამორჩეული სამართლებრივი ქმედებები, მიმართული ოპონენტების წინააღმდეგ“, – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

დეპუტატის მოსაზრებით, ხელისუფლების ოპონენტები საზღვარგარეთ ინფორმაციას აწვდიან მეგობართა ჯგუფებს, ევროკავშირს, აშშ-ის კონგრესს, თუ სენატის წარმომადგენლებს. „სჯობს, მათ სიმართლე ისაუბრონ, რადგან ტყუილს მოკლე ფეხები აქვს ისევე, როგორც ოპოზიციონერებს არაერთხელ მოუწიათ თავიანთ ტყუილებში გახლართვა“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.