კობა ლურსმანაშვილი - სრულიად საკმარისია, რომ თბილისს შვიდი საარჩევნო მაჟორიტარული ოლქი ჰქონდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, რომელიმე რეგიონი რომ წარმომადგენლის გარეშე დარჩეს, ამას ვერ დაეთანხმება.
ჟურნალუსტებთან საუბარში კობა ლურსმანაშვილი საარჩევნო ოლქების გადანაწილების თაობაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკმარისია, რომ თბილისს შვიდი საარჩევნო ოლქი ჰქონდეს.
მისი თქმით, წარმომადგენელი ყველა რეგიონს უნდა ჰყავდეს.
„როცა საუბარია, რომ თბილისს 8 მაჟორიტარი დეპუტატი უნდა ჰყავდეს, რას უნდა მოვაკლოთ? კახეთის რეგიონს მცხეთა-თიანეთი მიეკუთვნოს, ეს როგორ ლოგიკაში ჯდება? წარმომადგენელი ყველა რეგიონს უნდა ჰყავდეს. ჩვენი, მაჟორიტარების პრინციპული პოზიცია სწორედ ეს გახლდათ, რომ ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე საარჩევნო ოლქი ყოფილიყო და ახლა გველაპარაკებიან, თურმე, რეგიონალურ დონეზეც არ უნდა იყოს წარმომადგენლობა. ამ პოზიციას ვერ გავიზიარებთ. თბილისისთვის შვიდი წარმომადგენელი საკმარისია“, – განაცხადა ლურსმანაშვილმა.
მისივე თქმით, ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
„ყველა მოთხოვნა და შენიშვნა, რაც მაჟორიტარ დეპუტატებს გაგვაჩნდა, გათვალისწინებულია და შერეული სისტემა იქნება. ამავდროულად, პარლამენტში მცირე პარტიების წარმოდგენის შესაძლებლობაც ჰქონდა. პარლამენტში განსხვავებული აზრი იქნება წარმოდგენილი, რასაც მივესალმები. ამასთან, 40 პროცენტიანი ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი გათვალისწინებულია. თავის დროზე საკითხს ვაყენებდით, რომ ქვეყნის სტაბილურობის განცდა შესაძლოა, შერყეული ყოფილიყო. ეს უკვე დაბალანსებულია, რადგან არეულობის თუ სხვა პროვოცირების შესაძლებლობის მოტივაცია გამორიცხულია, რადგან 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები რომც დაინიშნოს, იგივე სისტემით იქნება, რომელზეც შევთანხმდით”, – დასძინა ლურსმანაშვილმა.