კობა ხაბაზი - ქვეყნის პრეზიდენტის სიმბოლო, აღმშენებელი, ადამიანი, რომელმაც ახალ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი, არ შეიძლება, იმყოფებოდეს პატიმრობაში
„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა რუსთავში მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
წინა დღეებისგან განსხვავებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, დღეს აქცია მდუმარე იყო.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ მიხეილ სააკაშვილს და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
„ეს არის სოლიდარობის აქცია. სოლიდარობას ვუცხადებთ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც იმყოფება პატიმრობაში. ვთვლი, რომ ეს არის პირადად ჩემი სირცხვილი, ჩვენი სირცხვილი და საქართველოს სირცხვილი. არ შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტის სიმბოლო, აღმშენებელი, ადამიანი, რომელმაც ახალ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი, იმყოფებოდეს პატიმრობაში. ეს უნდა დავასრულოთ. ტყუილად ჰგონია ივანიშვილს, რომ დავიღლებით, გავჩერდებით და პუტინის ტყვეობაში დავტოვებთ. მიშა იქნება თავისუფალი ამის პირობას ვაძლევ ყველას“, – განაცხადა კობა ხაბაზმა.