კობა ხაბაზი - ჩემი გული ორადაა გაყოფილი, ერთი თქვენთანაა, მეორე - უკრაინაში, ზურა, მამუკა, დათო, გიორგი, კაკო გვეხვეწებიან, არ დანებდე, საქართველო, მხრებზე შემომჯდარი დავითისთვის გვაქვს გასამარჯვებელი
ამ ბრძოლაში არც დაღლა ეგების, არც სიცივე და ვერაფერმა უნდა შეგვაშინოს, რადგან იმ მხრებზე შემომჯდარი დავითისთვის გვაქვს გასამარჯვებელი. ერთი წუთით მიიხედეთ, თქვენ გვერდით ვინც დგას, ერთმანეთს შეხედეთ, უთხარით, რომ შენ ხარ საქართველო, ბოლოს აწიეთ თავი ამაყად და თქვით, ჩვენ ვართ საქართველო და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ხაბაზმა გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნისთვის ბრძოლაში არავინ უნდა დაიღალოს.
„დიდი ხანია, სიტყვით აღარ გამოვსულვარ, ვღელავ, ვნერვიულობ. ჩემი გული ორადაა გაყოფილი. ერთი აქ, თქვენთანაა, თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველებთან, მეორე ნახევარი კი უკრაინაშია, ჩემს ძმებთან. ყველას გთხოვთ, დახუჭეთ თვალი, წარმოიდგინეთ, თოვლში, ყინვაში, ტყვიების წვიმაში მყოფი ჩვენი ბიჭები – ზურა, მამუკა, დათო, გიორგი, ნუგზარი, კაკო. თითქმის ყოველდღე ველაპარაკები მათ. იცით, რას მეუბნებიან?! გვეხვეწებიან, თვითონ ყინვაში, ტალახში მდგომები გვეხვეწებიან, არ დანებდე, საქართველოო, არ დაუთმოთ რუსეთს ქვეყანაო. ასე რომ, რომც შევდრკეთ, არჩევანი არ გვაქვს, რადგან ჩვენ მათთან ვალში ვართ, ყველასთან, ვინც საქართველოსთვის იბრძვის, ვალში ვართ ჩვენს შვილებთან, მომავალ თაობასთან. მთელი ეს გზა ჩვენთან ერთად მოდიოდა ერთი ქუთაისელი კაცი, მხარზე პატარა დავითი ეჯდა. შევეკითხე, არ დაიღალე-მეთქი? უცნაური, მარტივი პასუხი გამცა, – საქართველოსთვის დაღლა არ შეიძლებაო. ვინც წუწუნებს, განსაკუთრებით, სოციალურ ქსელებში, დავიღალეთო, შეიძლება, დაიღალო, როდესაც თანამდებობისთვის იბრძვი, როდესაც დეპუტატობისთვის იბრძვი, მაგრამ როგორ შეიძლება, დაიღალო, როდესაც იბრძვი საქართველოსთვის, შენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. როგორ შეიძლება, შეგცივდეს, როდესაც თავისუფლებისთვის იბრძვი. ამ ბრძოლაში არც დაღლა ეგების, არც სიცივე და ვერაფერმა უნდა შეგვაშინოს, რადგან იმ მხრებზე შემომჯდარი დავითისთვის გვაქვს გასამარჯვებელი. ერთი წუთით მიიხედეთ, თქვენ გვერდით ვინც დგას, ერთმანეთს შეხედეთ, უთხარით, რომ შენ ხარ საქართველო. ბოლოს აწიეთ თავი ამაყად და თქვით, ჩვენ ვართ საქართველო და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ხაბაზმა.