ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო ავტორიტეტული ფინანსური გამოცემის „გლობალ ფაინენსის“ (Global Finance) მიერ გამოვლენილი საუკეთესო ცენტრალური ბანკირების დაჯილდოების 26-ე ცერემონია გაიმართა. 2018 წლის მსგავსად, გამოცემამ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უკვე მეორედ, ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვანმა გამოცემამ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის შეფასებაში პირველად 2018 წელს ჩართო და, შარშანდელის მსგავსად, ის A- შეფასებით წელსაც ცენტრალური ბანკის მმართველების ელიტარულ კლუბში მოხვდა, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. აღნიშნულ კატეგორიაში მოხვდნენ – ევროპის ცენტრალური ბანკის (მარიო დრაგი), ასევე, დიდი ბრიტანეთის (მარკ ქარნი), აშშ-ის (ჟერომ პაუელი) და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები.
„გლობალ ფაინენსის“ (Global Finance) დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. ცენტრალური ბანკების მმართველების შეფასება ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, ფინანსურმა გამოცემამ გამოაქვეყნა სრული ანგარიში Central Banker Report Cards, სადაც 98 ცენტრალური ბანკირია შეფასებული.
დაჯილდოების ცერემონიას ვაშინგტონში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაესწრო და გამოცემას ინტერვიუც მისცა.
„ინტერვიუში – „საქართველო მოულოდნელობის წინაშე დადგა“ Georgia Gets Thrown A Curve Ball კობა გვენეტაძემ იმ მთავარ გამოწვევაზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებას მოჰყვა.
„ჩვენი მეზობლის გადაწყვეტილებამ საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ დაბრკოლება შეუქმნა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და მიმდინარე ანგარიშს, ტურისტული შემოსავლების შემცირების გზით. უცხოური ვალუტის შემოდინების მოსალოდნელმა შემცირებამ გამოიწვია ლარის გაუფასურება, რადგან უარყოფითი მოლოდინები გააქტიურდა, უფრო მეტადაც, ვიდრე ამას მოსალოდნელი საგარეო შოკის ზომა მიუთითებდა. აღნიშნულმა აკრძალვამ უარყოფითად იმოქმედა საქართველოს ეკონომიკაზე ტურიზმის ექსპორტის არხითაც. ექსპორტისა და გზავნილებისგან განსხვავებით, საქართველოს ტურიზმის სექტორში რუსი ტურისტების მონაწილეობა გაცილებით დიდია.
ვინაიდან გაცვლითი კურსის გადაცემა ინფლაციაზე გაძლიერდა და ინფლაციის რისკები შენარჩუნდა, სექტემბრის თვეში გამართულ შეხვედრაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ეროვნული ბანკი, საჭიროებისამებრ, კიდევ უფრო გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, ვიდრე არ შემცირდება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობა იქნას უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
კობა გვენეტაძემ ინტერვიუში ეკონომიკური ზრდის კუთხით ეროვნული ბანკის მოლოდინებზეც ისაუბრა. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებსა და არსებულ გამოწვევებზე.
„საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 და 2020 წლებში დაახლოებით 4.5-პროცენტიან ზრდას ელოდება, სხვა თანაბარ პირობებში. მიუხედავად გაზრდილი გაურკვევლობისა, კვლავ მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური აქტივობის მთავარ მამოძრავებლად წმინდა ექსპორტი დარჩება, რასაც კონკურენტული გაცვლითი კურსი უწყობს ხელს. ამასთან, დაკრედიტების ზომიერი ზრდისა და დაგეგმილი ფისკალური ხარჯვის ფონზე, მოხმარებაც და ინვესტიციებიც დადებით წვლილს შეიტანს ზრდაში. დოლარიზაციის მაჩვენებლების კუთხით დავინახეთ მნიშვნელოვანი შემცირება 2017 წლიდან დაწყებული დღემდე. ჩვენთვის ცნობილია, რომ დედოლარიზაცია ხანგრძლივ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, თუმცა სწორი და დაბალანსებული პოლიტიკის გატარებით, ჩვენ მოველით, რომ დედოლარიზაციის პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება, რაც აუცილებელია სისტემის მდგრადობის შემდგომი გაძლიერებისთვის”, – აღნიშნა ინტერვიუში კობა გვენეტაძემ.