კობა გვენეტაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში იმართება და მასში მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის, საფინანსო და მარეგულირებელი სექტორების მმართველები მონაწილეობენ.
ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე კობა გვენეტაძემ თემაზე – „არაკონვენციური მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის გავლენა განვითარებადი ქვეყნების მონეტარულ პოლიტიკაზე“ პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა მაღალი დოლარიზაციის ღონისძიებების, მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნებისა და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მნიშვნელობაზე.
„განვითარებული ცენტრალური ბანკების და განსაკუთრებით აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გამოსვლა შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან სხვადასხვა არხებით გადაეცემა განვითარებად ქვეყნებს, რასაც მაღალი დოლარიზაციის მქონე ეკონომიკებისთვის, არაერთგვაროვანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. ერთი მხრივ, აშშ დოლარის გამყარება ზრდის ამ ქვეყნების კონკურენტუნარიანობას და დადებითად მოქმედებს მათ სავაჭრო და მიმდინარე ანგარიშის ბალანსებზე, თუმცა, მეორე მხრივ, მაღალი დოლარიზაციის გამო, დოლარის გამყარება ზრდის ვალის მომსახურების ღირებულებას ამ ქვეყნებში, რითაც უარყოფით გავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასეთ დროს ცენტრალური ბანკების მიერ მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნებას და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც მისი თქმით, მსგავს შოკებთან ბრძოლის საუკეთესო გზას წარმოადგენს მოკლევადიან პერიოდში.
კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერიოდში დედოლარიზაციის ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვნად შეამცირებს განვითარებული ცენტრალური ბანკების მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შესაძლო უარყოფით ზეგავლენას საქართველოს მსგავს ქვეყნებზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს 18 აპრილს ეწვია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟენგთან, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან გამართა შეხვედრები. ასევე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა-მარტინს და მისიის სხვა წევრებს შეხვდა. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა სსფ-ის ფულად-საკრედიტო და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის და აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლებთან, რომლებზეც ეროვნული ბანკისთვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის ფარგლებში დაგეგმილი საკითხები განიხილეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ყოველწლიურად იმართება, რომელშიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე საფინანსო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. შეხვედრებისას გლობალური მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევას, ეკონომიკის განვითარებასა და დახმარების ეფექტურობას.