კობა გვენეტაძემ ფულის ისტორიისა და პირადი ფინანსების შესახებ საგანმანათლებლო ბროშურები წარადგინა
კობა გვენეტაძემ ფულის ისტორიისა და პირადი ფინანსების შესახებ საგანმანათლებლო ბროშურები წარადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში ფულის ისტორიისა და პირადი ფინანსების შესახებ საგანმანათლებლო ბროშურები წარადგინა.

„ფინანსური განათლების წლის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ევროპული ფონდის სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისთვის“ განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით სკოლის მოსწავლეებისთვის, ორი საგანმანათლებლო ბროშურა – „მოგზაურობა ფულის სამყაროში“ და „ფინანსური განათლების სახელმძღვანელო“ – შეიმუშავა. ბროშურების ძირითად სამიზნე აუდიტორიას V-VII კლასის მოსწავლეები წარმოადგენენ, თუმცა როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აღნიშნული მასალა ნებისმიერი ასაკის მოზარდისთვის საინტერესო და ინფორმაციულია.

„ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, ბავშვებისა და ახალგაზრდების სეგმენტი ერთ-ერთ სტრატეგიულ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, საგანმანათლებლო ბროშურების შექმნა ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ფინანსური განათლება იმის სწავლებას ემსახურება, თუ როგორ გადავანაწილოთ ფინანსები გონივრულად, რათა შევძლოთ დაზოგვა, ჩვენი მიზნების მიღწევა და ფინანსური სირთულეების თავიდან არიდება. სწორედ ამ საკითხების გარშემო რაც შეიძლება მეტი ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების, დისკუსიაში ჩართვა არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მიზანი. მე მოხარული ვარ, რომ დღეს სწორედ იმ სკოლაში ვსაუბრობ პირადი ფინანსების მართვისა და ფინანსური განათლების შესახებ, რომლის მოსწავლეც ერთ დროს თავად ვიყავი”, – განაცხადა ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

ბროშურა „მოგზაურობა ფულის სამყაროში” ახალგაზრდებს ფულის ისტორიას, ფორმებს, მნიშვნელობასა და ფუნქციებს გააცნობს. ბროშურაში აგრეთვე მოცემულია ინფორმაცია თანამედროვე ქართული ფულისა და ლარის დამცავი ნიშნების, ასევე, უცხოური ვალუტებისა და გამორჩეული ბანკნოტების შესახებ.

ბროშურაში „ფინანსური განათლების სახელმძღვანელო” კი,  მკითხველი გაეცნობა პირადი ბიუჯეტის მართვის, გონივრული ხარჯვის, დაზოგვისა და სესხების საკითხებს. ამასთან, ბროშურაში ფინანსური ტერმინების გამარტივებული ლექსიკონი და ინტერაქციული სავარჯიშოებია შეთავაზებული.