საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ვენაში გამართულ Euromoney-ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან. ასევე შეხვდა პოტენციურ ინვესტორებს და ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ფორუმში მონაწილეობის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც საკმაოდ წარმომადგენლობითია. გარდა იმისა, რომ ფორუმს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობების და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები ესწრებიან, ღონისძიებაში მონაწილეობენ გავლენიანი სარეიტინგო კომპანიები და ინსტიტუციონალური ინვესტორები, რომლებიც უკვე არიან საქართველოს ბაზარზე ან სურთ შემოსვლა. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მივაწოდოთ მათ ინფორმაცია ეკონომიკური სიტუაციის და იმ მიმდინარე პროექტების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
Euromoney-ის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცენტრალური ბანკების და მთავრობის წარმომადგენლები, ინვესტორები და სხვადასხვა წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების ლიდერები. ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავდნენ ფინანსური ბაზრების გლობალურ საკითხებს და უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას კაპიტალის ბაზრის განვითარების, ინვესტიციების და ფინანსური ინსტიტუტების ზრდის შესაძლებლობების შესახებ.