საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ვენაში, „ეურომანის“ (Euromoney) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან ინვესტორები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები და რეგულატორები იკრიბებიან.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიური ფორუმის 25 წლის იუბილეა და მისი ერთ-ერთი მთავარი თემა მონეტარული პოლიტიკა იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი ხედვა გააცნო. ასევე მიმოიხილა მონეტარული პოლიტიკა, არსებული გამოწვევები და ცენტრალური ბანკის ნაბიჯები.
კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული გაფართოებული დაფინანსების პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც გასული წლის ბოლოს კიდევ ერთი წლით, 2021 წლის აპრილამდე, გახანგრძლივდა.
ღონისძიებაზე კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, მათ შორის აღინიშნა ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს ახალი კანონი, კაპიტალის სისტემური ბუფერების ამოქმედება, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განხორციელებაზე მუშაობა და სხვა.
ფორუმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე, პოტენციურ ინვესტორებს შეხვდა და მათ ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.