კობა გვენეტაძე - ყურადღება უნდა მივაქციოთ სესხის მთლიან და არა რომელიმე ერთ პერიოდში გადასახდელებს
საპროცენტო განაკვეთი არის ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ცენტრალურ ბანკებს ინფლაციის წნეხთან გასამკლავებლად აქვთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით საკითხის კომენტირებისას.
მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ საჭიროების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის ზრდაც მომხდარა და შემცირებაც.
„როდესაც დროულად ხდება საპროცენტო განაკვეთის გაზრდა ან შემცირება, შედეგი მიიღება ყველაზე ნაკლები დანახარჯებით. როდესაც სესხზე ვსაუბრობთ, უნდა მივაქციოთ ყურადღება, არა სესხის ერთ რომელიმე პერიოდში გადასახდელებს, მაგალითად, ექვს თვეში ან ერთ წელიწადში, არამედ მთლიანი პერიოდის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, თუ ეროვნული ბანკი დროზე მიიღებს გადაწყვეტილებებს, როგორც გაზრდის, ისევე შემცირების მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად სესხი თავისი არსებობის განმავლობაში ყველაზე უფრო ეკონომიური იქნება“, – განაცხადა გვენეტაძემ.
შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, როდესაც ცენტრალური ბანკი თავის დროზე იღებს ზომებს საპროცენტო განაკვეთის გაზრდასთნ დაკავშირებით, ასევე თავის დროზე მიიღებს შემცირების შესახებაც.
„როდესაც ცენტრალური ბანკი თავის დროზე იღებს ზომებს საპროცენტო განაკვეთის გაზრდასთნ დაკავშირებით, ასევე, მოსალოდნელია, რომ შემცირებასთან დაკავშირებითაც ეროვნული ბანკი მიიღებს ზომებს და იქნება პერიოდი, როდესაც საპროცენტო განაკვეთი შემცირდება. აქედან გამომდინარე, ყველაზე ეკონომიკური იქნება სესხის მომსახურება, რომელიც ამ შემთხვევაში აქვთ მსესხებლებს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, უწყება სამომავლოდ ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების დროს არსებული მაჩვენებლების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებებს.