კობა გვენეტაძე - ვიზიტორთა შემოდინების ფაქტორის გარეშეც, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა მაინც მაღალი იქნებოდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განმარტებით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ძირითადად, ტურიზმის სწრაფი აღდგენითა და ბიზნესების გახსნით იყო განპირობებული.
გვენეტაძის შეფასებით, 2022 წელს ათპროცენტიან ეკონომიკურ ზრდაში მიგრანტების შემოდინების კონტრიბუცია დაახლოებით 1.5 პროცენტული პუნქტი იყო.
„ვიზიტორთა შემოდინებამ, თავის მხრივ, განთავსებისა და კვების სექტორის მომსახურებაზე მოთხოვნა გაზარდა, რაც ერთობლივი მოთხოვნის ზრდაზე აისახა. თუ შევაფასებთ ათპროცენტიან ეკონომიკურ ზრდას, რომელიც, წინასწარი შეფასებით, 2022 წელს გვქონდა, ვიზიტორთა შემოდინების ფაქტორის გარეშეც, ზრდა მაინც მაღალი იქნებოდა, რადგან გასულ წელს საკმაოდ სწრაფად აღდგა ტურიზმი და სხვა ბიზნესებიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკამ აჩვენა გარკვეულწილად შოკების მიმართ მდგრადობა. გავაკეთებ ასეთ შეფასებას და ვიტყვი, რომ ეკონომიკურ ზრდაში მიგრანტების კონტრიბუცია დაახლოებით 1.5 პროცენტული პუნქტი იყო“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.