საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს.
კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „შესაძლებლობების განვითარება“ (Capacity Development Talks) სადაც, მონაწილეებმა საფინანსო სექტორის მდგრადობის შესახებ ისაუბრეს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, კერძოდ, თუ როგორ შეძლო საქართველოს ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზის წარმატებით გავლა. ასევე, ეროვნული ბანკის ადეკვატური პოლიტიკის შედეგად, როგორ შეხვდა ქვეყანა რეგიონში შექმნილი ვითარებიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებს.
კობა გვენეტაძემ დეტალურად ისაუბრა ფინანსური სტაბილურობის ჩარჩოს შესახებ, იმ მაკროპრუდენციულ პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს. ასევე, ყურადღება გაამახვილა სტრეს-ტესტებზე, რომელიც კომერციული ბანკებისათვის სტრესული პერიოდისთვის საკმარისი კაპიტალის მოთხოვნების დაწესებას გულისხმობს.
შეხვედრაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ცენტრალურ ბანკირებს და ფინანსთა მინისტრებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. ასევე, გააცნო თუ როგორ განავითარა ქვეყნის მთავარმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ტექნიკური დახმარების ფარგლებში დაწყებული პროექტები და ინიციატივები.
„2020 წლის დასაწყისში თბილისში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისია იმყოფებოდა, რომელიც კომუნიკაციის ჩარჩოს, ინსტრუმენტებისა და პრაქტიკის გაუმჯობესებაში დაგვეხმარა. ყველასთვის ცნობილია, რომ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დროს, კომუნიკაცია ინფლაციის მოლოდინების მართვისა და ფასების სტაბილურობის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის ინსტრუმენტია. ფონდის ტექნიკურმა მისიამ კონსულტაცია გაგვიწია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკის მთავარი მესიჯები, განსაკუთრებით სავალუტო ინტერვენციებისა და გაცვლითი კურსის შესახებ ინფლაციის თარგეთირების კონტექსტში. ამ რეკომენდაციების შესაბამისად, სავალუტო ინტერვენციების სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
10-16 ოქტომბრის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები, ასევე ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.