კობა გვენეტაძე - უკეთესი იქნება, საბანკო რეგულაციები პირველ ნოემბერს შევიდეს ძალაში
საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება, – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
ამასთან, კობა გვენეტაძის თქმით, საბანკო სექტორის მხრიდან იყო შეთავაზება რეგულაციების გადავადებასთან დაკავშირებით, თუმცა უკეთესი იქნება, თუ რეგულაციები პირველ ნოემბერს შევა ძალაში.
გვენეტაძე აცხადებს, რომ პირველად პროექტთან შედარებით, დაზუსტდა დებულების ცალკეული ნაწილები. მაგალითად, დოკუმენტში ნათლად არ ჩანდა, რომ ცვლილებები ბიზნესსესხებზე არ აისახებოდა. ამასთან, გაიზარდა სესხის მომსახურების კოეფიციენტები – შემოსავლის რა მოცულობის მიმართვა იქნება შესაძლებელი სესხის დაფარვაზე.
„სესხის გაცემამ არ უნდა გააუარესოს ადამიანის ფინანსური მსგომარეობა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ეროვნულ ბანკში მუშაობა ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ საბანკო რეგულაციების ნეგატიური გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე მაქსიმუმ 0.8 პროცენტი იქნება და მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 4.5-დან 5 პროცენტამდე გაიზრდება.