კობა გვენეტაძე - ტურიზმის სექტორიდან დანაკლისმა ეროვნულ ვალუტაზე დიდი წნეხი არ უნდა გამოიწვიოს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორის დანაკლისმა ეროვნულ ვალუტაზე დიდი წნეხი არ უნდა გამოიწვიოს და ამის მიზეზად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას ასახელებს.
გვენეტაძის ვარაუდით, ტურისტული სანქციების გავლენა ეკონომიკაზე 200-300 მილიონი აშშ დოლარი იქნება, თუმცა გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მაინც გაუმჯობესდება.
„შესაბამისად, ამან არ უნდა გამოიწვიოს ძალიან დიდი წნეხი ეროვნულ ვალუტაზე“, – აღნიშნა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და კურსის პროგნოზირება შეუძლებელია.
„ეს მოქნილი სისტემაა, რომელიც საშუალებას აძლევს კურსს, გაითვალისწინოს ყველა მოლოდინი, რომელიც ცნობილია და ხელმისაწვდომია ეკონომიკური აგენტებისთვის. ინფორმაცია, რომ შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, აისახა მოლოდინებზე და გაჩნდა მოლოდინი, რომ ის საექსპორტო სერვისების შემოსავლები, რომელიც ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, იქნება ნაკლები. ზუსტად ამ დროს ასრულებს მცურავი გაცვლითი კურსი, როგორც ავტომატური სტაბილიზატორი იმ ფუნქციას, რაც ამ შემთხვევაში, უნდა შეასრულოს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში ის კორექტირება, რომელიც ხორციელდება ეკონომიკაში, ყველაზე ნაკლები დანახარჯებით გამოიყვანს ასეთი სიტუაციებიდან ქვეყანას. დღესდღეობით რთულია იმის შეფასება, რა გავლენა ექნება ამას, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია. შეიძლება ითქვას, რომ პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, ვგულისხმობ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ვფიქრობ, წნეხი დიდი არ უნდა იყოს“, – დასძინა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რატომ ახორციელებდა ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვას და აღნიშნა, რომ ქვეყანას არაადეკვატური რეზერვები ჰქონდა.
„აუცილებელი იყო რეზერვების დაგროვება. ყოველი მომენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევდა და გვაძლევს, რომ შევავსოთ საერთაშორისო რეზერვები, უნდა გამოვიყენოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, რომ საერთაშორისო ინვესტორებმა საქართველო განიხილონ საიმედო ქვეყნად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის პრესრელიზში ცალსახად არის აღნიშნული, რომ ეროვნული ბანკის ჩარევები საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით არის აბსოლუტურად სწორი და გამართლებული. ეროვნული ბანკის ასეთი ინტერვენციები ლარის კურსზე გავლენას არ ახდენს“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
რაც შეეხება მომავალში რეზერვების დაგროვების შესაძლებლობას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ პროცესში ბანკი დაფიქრებულად იმოქმედებს.