კობა გვენეტაძე - „თიბისი ბანკი“ ძლიერი საკრედიტო ინსტიტუტია, მიმდინარე გამოძიება საბანკო სექტორის განვითარებაზე გავლენას არ მოახდენს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე „თიბისი ბანკის“ საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
ამასთან, მისი განცხადებით, საგამოძიებო პროცესი საბანკო სექტორის მდგრად განვითარებას ხელს არ შეუშლის.
„როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი მუდმივად ახორციელებს კომერციული ბანკების ზედამხედველობას საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და კანონმდებლობის ფარგლებში ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები არ არის საჯარო. შესაბამისად, არ ვართ უფლებამოსილი, ვისაუბროთ დეტალებზე. ამავე დროს, შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ „თიბისი ბანკი“ ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია. მას გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე. მიმდინარე საგამოძიებო პროცესი საბანკო სექტორის მდგრად განვითარებაზე გავლენას არ მოახდენს“, – აღნიშნა გვენეტაძემ.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ „თიბისი ბანკის“ რამდენიმე ფილიალი დაიხურა და თანამშრომელთა შემცირება მოხდა. თუმცა, მისი ინფორმაციით, ეს ჩვეულებრივი პროცესი და ბანკის გადაწყვეტილებაა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. შესაბამისად, პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.