კობა გვენეტაძე - სწორი პოლიტიკის გატარება ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წყაროა, საქართველოს შემთხვევაში, ამის დანახვა სხვადასხვა ინდიკატორის მეშვეობით შეიძლება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მაროკოს დედაქალაქ რაბათში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – „უკეთესი ეკონომიკური მმართველობის ხელშეწყობა და კორუფციის აღმოფხვრის მცდელობები შუა აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ცენტრალურ აზიაში” მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჯიჰად აზური უძღვებოდა. მან მრგვალი მაგიდის მონაწილეებს წარუდგინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებული სტატია – „კორუფციის აღმოფხვრა უკეთესი ეკონომიკური მმართველობის მეშვეობით შუა აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ცენტრალურ აზიაში”
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კობა გვენეტაძემ ღონისძიებაზე გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დოკუმენტის მთავარ აქცენტებზე და ისაუბრა რეფორმებზე, რომელიც საქართველომ 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესებისა და კორუფციის შემცირების მიმართულებით გაატარა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებული დოკუმენტი უზრუნველყოფს რეგიონის მთავარ გამოწვევათა შთამბეჭდავ ჩამონათვალს და პრობლემებთან გამკლავებისა და მათი გადაჭრის რეკომენდაციებს, რომლებიც პროდუქტიული აღმოჩნდა, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. მსურს, გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი: კორუფციის დაბალი დონე ნიშნავს მცირე ზომის ჩრდილოვან ეკონომიკას და ზრდის ინვესტორთა დაინტერესებას ქვეყნისადმი; ასევე გულისხმობს მეტ ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. ეს კი, თავის მხრივ, წარმატებული პოლიტიკის გატარების სტიმულს იძლევა, მათ შორის, ცენტრალურ ბანკებში. სწორი პოლიტიკის გატარება არის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წყარო, რასაც ემპირიული მონაცემებიც ცხადყოფს“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა.
მისი შეფასებით, საქართველოს შემთხვევაში, ამის დანახვა შესაძლებელია სხვადასხვა ინდიკატორის მეშვეობითაც, რომლებიც ზუსტად ასახავს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს.
„მაგალითად, Doing Business Indicator – ბიზნესის კეთების მაჩვენებლის მიხედვით, საქართველომ 2006 წელს 112-ე ადგილიდან 2019 წელს მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. „კორუფციის აღქმის ინდექსის“ კვლევის თანახმად, საქართველო დღეს 44-ე პოზიციაზე იმყოფება მაშინ, როდესაც 2004 წელს 133-ე ადგილზე იყო. ფისკალური გამჭვირვალობის პოლიტიკის შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდა საქართველოს ბიუჯეტის ღიაობის ინდექსიც, რის შედეგადაც საქართველო ამჟამად შეფასებულ 115 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილზეა”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, გატარებული რეფორმების შედეგად საქართველომ, რომელიც ევროპული ოჯახის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს თავს, 2014 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. 2017 წლიდან კი, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა გრძელვადიანი მდგრადობისთვის საქართველოს ცენტრალურ ბანკში გატარებულ რეფორმებზე.
„გამჭვირვალობასთან ერთად, მიუკერძოებელი ზედამხედველობა და საფინანსო სექტორის კონტროლი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა მხარეს შორის ურთიერთკავშირი შეიძლება, მორალური რისკის წყარო გახდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი რეგულაციები სრულ შესაბამისობაშია ბაზელ III-ის პრინციპებთან. ამასთანავე, საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩო უზრუნველყოფს კომერციული ბანკის პირდაპირი ან არაპირდაპირი აქციონერების, საბოლოო ბენეფიციარი მფლობელებისა და მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირების შესაფერისობას. ჩვენ, ასევე, არ გვაქვს არც ერთი ბანკი, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაშია, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კორუფციის თავიდან არიდებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ შუამავლობას ეხება. ბანკები, რომლებიც ფულის განაწილების ძირითადი წყარო არიან, დაცული უნდა იყვნენ როგორც ინტერესთა კონფლიქტის, ისე მორალური რისკისგან, რაც, როგორც საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რთულია სახელმწიფოს ჩარევის შემთხვევაში”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, ღონისძიებაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა, მაროკოს ფინანსთა მინისტრი მუჰამედ ბენჩბენი, საერთაშორისოგამჭვირვალობა – „რაშიდის” თანადამაარსებელი და თავმჯდომარე, საქსან გარაიბეჰი.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა წარადგინეს თავიანთი ხედვა ეკონომიკური და სოციალური საკითხების შესახებ, რომლებმაც რეგიონში კორუფციის მაჩვენებლის შემცირება უნდა უზრუნველყოს, ასევე ისაუბრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლზე – დაეხმაროს რეგიონის ქვეყნებს თავიანთი მიზნების მიღწევასა და ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესებაში.