კობა გვენეტაძე - სწორი ნაბიჯებითა და მონეტარული პოლიტიკის სწორი რეაგირებით, ინფლაცია მიზნობრივ დონეს ეტაპობრივად დაუბრუნდება
პანდემიით გამოწვეული მოვლენები გავლენას ახდენს ფასებზე არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად, მთელს მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა ინფლაციასთან დაკავშირებულ კითხვაზე, ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ფასების სტაბილურობისთვის.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ საქართველოში მიზნობრივი ინფლაცია არის 3 პროცენტი და ახლა ის ამ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
„დაბალი და სტაბილური ინფლაცია არის ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი. როდესაც ხდება ეგზოგენური ანუ მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი შემთხვევები, ამას მოჰყვება ფასების ზრდა. ცენტრალურ ბანკებს, მთელს მსოფლიოში არ აქვთ ისეთი საშუალება, რომლითაც ინფლაცია ასეთი შემთხვევების შემდეგ სასწრაფოდ და ძალიან მალე იგივე, მიზნობრივ ნიშნულს დაუბრუნდეს. ამის პანაცეა არსად არსებობს. აბსოლუტურად კარგად მესმის, რომ უმჯობესია, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს, მაგრამ შეუძლებელია ამის გაკეთება მოკლევადიან პერიოდში. ამავე დროს, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და იმ ჩარჩოს საფუძველზე, რომელიც აქვს შექმნილი ეროვნულ ბანკს, რომელიც მუშაობს ძალიან კარგად, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში დაუბრუნდება და ყოველთვის იმოძრავებს მიზნობრივი მაჩვენებლისკენ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს უნდა იყოს.
„თუ გვინდა, ინფლაცია ძალიან მალე, ერთ ან ორ თვეში დავუბრუნოთ მიზნობრივ მაჩვენებელს, ამისთვის საჭირო იქნება მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ძალიან მაღალი ზრდა. ასეთი მაღალი ზრდის შემდეგ, ეკონომიკა ძალიან შემცირდება და ინფლაცია დაუახლოვდება მიზნობრივ დონეს, მაგრამ ეს არანაირად არ იქნება ოპტიმალური გამოსავალი. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა ძალიან ბევრს დაკარგავს, არ იქნება გამოსავალი, რომელმაც მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯებით უნდა გამოგვიყვანოს ამ ინფლაციიდან. აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკებს ყოველთვის აქვთ ეს დილემა, მაგრამ ამავე დროს, ყოველთვის აქვს გარკვეული მოქნილობა, რათა აღნიშნული ფაქტორი მიიღოს გადაწყვეტილებაში“, – აღნიშნა გვენეტაძემ.
მან 2017 წელი გაიხსენა, როცა ნავთობპროდუქტებსა და თამბაქოს პროდუქტებზე აქციზების ზრდას ინფლაციის ზრდა მოჰყვა. მისი თქმით, მაშინ ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ეს იქნებოდა ერთჯერადი ფაქტორი და როგორც კი გაივლიდა ეფექტი, ინფლაცია დაუბრუნდებოდა სამიზნე მაჩვენებელს, რაც ასეც მოხდა.
„სამწუხაროდ, წელს კიდევ ერთი შოკი მივიღეთ. ეს არ არის ერთი შოკი, თავისი ბუნებით არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული სამი შოკი. პირველი არის პანდემია, მეორე – ტურისტული ნაკადების სრულად შეწყვეტა და მესამე ფაქტორი არის ნავთობის ფასების ვარდნა. იმის ფონზე, რომ თითქმის გამოსული ვიყავით იმ შოკიდან, რომელიც გასულ წელს მივიღეთ, ახლა ახალი შოკები დაიდო. ასე რომ, ასეთ სიტუაციებში არ არსებობს ცენტრალური ბანკი, რომელიც შეძლებს, ერთ ან ორ თვეში ეს სიტუაცია დაარეგულიროს, მაგრამ სწორი ნაბიჯებითა და მონეტარული პოლიტიკის სწორი რეაგირებით, ინფლაცია ეტაპობრივად დაუბრუნდება მიზნობრივ დონეს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.