კობა გვენეტაძე - სუბსიდირების პროგრამის გაგრძელება კონტრპროდუქტიული იქნება, რადგან ეროვნულ ბანკს პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს
ეროვნული ბანკი ინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას და სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას კონტრპროდუქტიული ეფექტი ექნება, რადგან ეროვნულ ბანკს დამატებით პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა.
კობა გვენეტაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი პროგრამა გაგრძელდება, მაშინ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო გამკაცრება მოუწევს.
„სუბსიდირების პროგრამას ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა და მან გამოაცოცხლა ბაზარი. ამ პროექტის შედეგად, 2020 წლის მეორე ნახევარში იპოთეკური დაკრედიტების ტემპი თითქმის სრულად აღდგა და ეს იყო ფაქტორი იმისთვის, რომ სამშენებლო სექტორს თავიდან აერიდებინა მნიშვნელოვანი რყევები ბინების ფასებში. ბუნებრივია, რომ სუბსიდირების შეწყვეტა იმოქმედებს აქტივობაზე. განსაკუთრებით კი საწყის თვეებში, რადგანაც, მოგეხსენებათ, რომ იანვარი ისედაც არაპანდემიურ სიტუაციაშიც სუსტი თვეა. ამასთანავე, იმის გამო, რომ სუბსიდიის პროგრამის დასრულება ხდებოდა და საკმაოდ ბევრი გარიგება დაიდო ახალ წლამდე. ანუ გარიგებებმა, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეიძლება თებერვალში ან მარტში დადებულიყო, გადმოინაცვლა 2020 წლის ბოლოს. თუმცა, ჯამში არასუბსიდირებული ბინების გაყიდვის დინამიკა იძლევა იმედს, რომ პანდემიის დარჩენილ ფაზაში უძრავი ქონების ფასების მკვეთრ რყევებს არ უნდა ველოდოთ.
ეროვნული ბანკი ინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას და სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას კონტრპროდუქტიული ეფექტი ექნება, რადგან ეროვნულ ბანკს დამატებით პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს. შესაბამისად, დეველოპერულ სექტორზე გაწეული ხარჯის გადახდა დაეკისრება სხვა არანაკლებ დაზარალებულ სექტორებს. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ეს ავიცილოთ, ვფიქრობ, მსგავსი პროგრამის გარეშე გაცილებით პოზიტიური შეიძლება იყოს ფისკალური დისციპლინაც. ასევე, ეფექტიანობა, იმისთვის, რათა მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება საბაზრო მექანიზმებმა განაპირობონ, მათ შორის ფასების კორექტირების გზითაც. მოგეხსენებათ, გარკვეულწილად კორექტირება მოხდა კიდეც“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 2020 წელს დასრულდა. კობა გვენეტაძის თქმით, ამ პროგრამამ გასულ წელს იპოთეკური დაკრედიტების წახალისებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.