კობა გვენეტაძე - სსფ-ს პროგნოზით, ინფლაცია მიმდინარე წელს 3%-ის ფარგლებში იქნება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი სამწლიანი პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.
აღნიშნულის შესახებ გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, წარმატება გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით.
კერძოდ, სებ-ს პრეზიდენტის შეფასებით, 2017 წელს ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მაღალი იყო, გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც 2017 წელს 4%-ით შემცირდა.
სსფ-თან ასევე შეფასდა ინფლაციის დინამიკა. თუკი 2017 წლის ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის დასაწყისში 3%-მდე შემცირდა. კობა გვენეტაძის განცხადებით, სსფ-ს პროგნოზით, ინფლაცია მიმდინარე წელს 3%-ის ფარგლებში იქნება.
გვენეტაძემ ასევე ხაზი გაუსვა, საერთაშორისო რეზერვების შევსების მნიშვნელობას.
„რეზერვების დონე სსფ-ს კომპოზიტურ მაჩვენებელს ჯერ კიდევ ჩამორჩება“, განაცხადა გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსების პოლიტიკა უნდა გააგრძელოს.
რაც შეეხება ლარიზაციის მაჩვენებლებს, კობა გვენეტაძის ინფორმაციით, სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია ეტაპობრივად მცირდება. თუმცა, დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ჯერ კიდევ მაღალი რჩება.