კობა გვენეტაძე - შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხები არ უნდა გაიცეს
კობა გვენეტაძე - შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხები არ უნდა გაიცეს

სესხების გაცემა შემოსავლების დადასტურების გარეშე არ უნდა ხდებოდეს და ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები სწორედ ამას ემსახურება, – აღნიშნული განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძე ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის მანდატი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და ფინანსური სისტემის გამჭვირვალობის მხარდაჭერაა.

„ეროვნული ბანკი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს. ეროვნული ბანკის ფუნქცია და მოვალეობა არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის შეფასება.  ეროვნული ბანკის მანდატი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და ფინანსური სისტემის გამჭვირვალობის მხარდაჭერაა. ჩვენ ძალიან ფართო და ბევრი ანალიზი მივაწოდეთ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ჭარბვალიანობასთან დაკავშირებულ თემებზე უწყებაში მსჯელობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ არსებობს, თუმცა აუცილებელია შემოვიღოთ პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპები და ზუსტად ამასთან თანხვედრაშია ფინანსური განათლების მიმართულებით გადადგმული რეფორმები, მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით გადადგმული რეფორმები“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში –  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა.