კობა გვენეტაძე შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) პრეზიდენტს, დიმიტრი პანკინს შეხვდა. შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა დაესწრო. მხარეებმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის 2019-2021 წლების სტრატეგია და საქართველოსთან ბანკის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ეროვნული ბანკის ცნობით, ბოლო პერიოდში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი სულ უფრო მეტად ზრდის დაფინანსების მასშტაბებს ექსპორტის, ინფრასტრუქტურის და ენერგო ეფექტურობის მიმართულებებით და ამას, ძირითადად, საქართველოს საბანკო სექტორის მეშვეობით ახორციელებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის საქმიანობას საქართველოში, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია ბანკის მიერ გამოშვებული ლარის ობლიგაციები, რომელიც ერთი მხრივ, ეხმარება ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას და, მეორე მხრივ, შესაძლებელს ხდის მცირე და საშუალო ბიზნესზე ადგილობრივი ვალუტის სესხების გაცემას. ეს უკანასკნელი ბიზნესს უცხოური ვალუტის სესხთან დაკავშირებული გაცვლითი კურსის რისკების არიდების საშუალებას აძლევს, რაც ფინანსურ სტაბილურობასაც უწყობს ხელს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულებისას კობა გვენეტაძემ.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა. ბანკის წევრები არიან ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. BSTDB ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონალურ თანამშრომლობას როგორც სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალისა და გარანტიების მიწოდების, ისე საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების გზით, წევრი ქვეყნების სახელმწიფო და კერძო სექტორში.