კობა გვენეტაძე - სავალუტო ფონდის სამწლიანი მხარდამჭერი პროგრამა მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებაში დაგვეხმარება
მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შორის სამწლიან პროგრამაზე შეთანხმების მიღწევის შესახებ ვაცხადებთ, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
გვენეტაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რომლის განხილვაც მიმდინარე წლის მაისში არის დაგეგმილი.
„ამ პროგრამის განხორციელება საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში და უფრო მეტად განმტკიცებაში დაეხმარება. ეს პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს უფრო ძლიერ და ინკლუზიურ ზრდას. საყურადღებოა, რომ ამ პროგრამის მიხედვით განზრახული არ გვაქვს რესურსების სესხება, თუმცა პროგრამის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს საჭიროების შემთხვევაში ამ სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 289 მლნ დოლარის მოცულობის თანხის მიღება შეუძლია. ანუ, გარდა იმისა, რომ ამ პროგრამის განხორციელება სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების დამადასტურებელი იქნება, ეს ასევე ნიშნავს, რომ პროგრამა უსაფრთხოების ბალიშსაც გვიქმნის. სსფ-ის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ისეთ რთულ გარემოებებში, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით შოკების, პანდემიისა და უკრაინაში ომის ფონზე შეიქმნა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.