საქართველომ და სავალუტო ფონდმა სამწლიან მხარდამჭერ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიეს
საქართველომ და სავალუტო ფონდმა სამწლიან მხარდამჭერ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიეს

საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის სამწლიან, 289 მლნ დოლარის (210 მლნ SDR) მოცულობის მხარდამჭერ პროგრამაზე შეთანხმება არის მიღწეული. აღნიშნული თანხა საქართველოს კვოტის 100%-იან ოდენობას ითვალისწინებს.

პროგრამა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში დაეხმარება, არსებული შოკების ფონზე; ასევე, ხელს შეუწყობს ძლიერ და მეტად ინკლუზიურ ზრდას. ეკონომიკური რეფორმის პროგრამა ე.წ. სთენდ ბაი ეგრიმენთის (SBA) ინსტრუმენტითაა მხარდაჭერილი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. განხილვა კი მაისშია დაგეგმილი. ფონდი ომისა და სანქციების უარყოფითი გავლენის გადმოცემას საქართველოს ეკონომიკაზეც ელოდება და 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგრამას 3%-მდე ამცირებს. „მოსალოდნელი ინფლაცია მცირდება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ღრმავდება“, – აცხადებს სსფ. მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში კი, ფონდი 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპისა და სხვა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ელოდება.

პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯების დაფინანსების შემდეგ, ფისკალური პოლიტიკა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაზე უნდა იყოს მიმართული, რათა 2023 წელს ფისკალური წესის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოხდეს ფისკალური ბუფერების აღდგენა და შეიქმნას შემდგომი პრიორიტეტების – ინფრასტრუქტურისა და განათლების დაფინანსების საშუალება. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებასა და ფისკალური რისკის შეზღუდვას, სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიის დასრულებით და განხორციელებით.