კობა გვენეტაძე - სავალუტო ფონდის პროგრამის გაგრძელება ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობის გაზრდის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის პროგრამის კიდევ ერთი, მეხუთე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა და პროგრამა წლით გაგრძელდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
სსფ-ის შემფასებელი მისიის მუშაობის დასრულებასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა; ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ვერა მერსედეს-მარტინმა განცხადებები გააკეთეს.
კობა გვენეტაძის შეფასებით, პროგრამის ერთი წლით გაგრძელება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის საგარეო შოკის ფონზე ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობის გაზრდის თვალსაზრისით, მით უმეტეს, რეგიონში არსებული არასტაბილური სიტუაციისა და გლობალურ ეკონომიკაზე ე.წ. სავაჭრო ომების მზარდი გავლენის გათვალისწინებით.
„პროგრამის გაგრძელება ნიშნავს დამატებით ორი მიმოხილვის ჩატარებას. რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მისაღებ თანხას, ის არ გაიზრდება და უცვლელი დარჩება, რაც ორგანიზაციაში ქვეყნის კვოტის 100 პროცენტს, დაახლოებით 290 მილიონ აშშ დოლარს უდრის. ამ ეტაპისთვის დაახლოებით 208 მილიონი აშშ დოლარია მიღებული“, – განმარტა გვენეტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ეროვნულმა ბანკმა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა.
„სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და პროგრამის ფარგლებში გატარებული რეფორმების დამსახურებით, ეკონომიკამ შეძლო ბოლო პერიოდის უარყოფითი შოკი მინიმალური დანაკარგით გადაელახა. კერძოდ, რუსეთიდან ფრენების აკრძალვის ფონზე, ტურიზმის სექტორიდან შემცირებული შემოსავლების მიუხედავად, საგარეო მოთხოვნა ძლიერი რჩება. ეკონომიკური აქტივობა სტაბილურად იზრდება, რაშიც საგარეო სექტორს მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეაქვს.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლის პირველ ნახევარში ისტორიულად დაბალი იყო და მოსალოდნელია, რომ მთლიანად წლის განმავლობაში წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. თავის მხრივ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება მომავალში საქართველოს ეკონომიკაზე საგარეო შოკების გადმოცემის სიძლიერეს შეამცირებს“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა.
„აღნიშნულის საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც იქამდე გაგრძელდება, სანამ არ ამოიწურება გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი ფასების ზრდაზე. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მარტიდან შემცირებას დაიწყებს, წლის მეორე ნახევარში ჩამოცდება მიზნობრივ მაჩვენებელს, შემდგომ კი თანდათან ქვემოდან მიუახლოვდება მას. საშუალოვადიან პერიოდში კი ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. საყურადღებოა, რომ დღეს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საბაზო ინფლაცია თამბაქოს გარეშე 3.4 პროცენტია, რაც მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს არის. ეს მიუთითებს, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები ძლიერი არ არის და ამ ეტაპზე არსებული ინფლაციის მაჩვენებელი, ძირითადად, გაუფასურებული კურსის გამო გვაქვს“, – განაცხადა გვენეტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება საგარეო შოკებთან გასამკლავებლად კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რასაც მისი თქმით, განხილვებისას საქართველოში ვიზიტად მყოფმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
„საქართველოსთვის ეს არის მთავარი წინაპირობა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და მიმდინარე ანგარიშის დისბალანსის შესამცირებლად, განსაკუთრებით ტურბულენტურ ვითარებებში.
ხაზგასასმელია, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური ზედამხედველობის ჩარჩოების განვითარებასა და გაძლიერებას აგრძელებს, რაც, თავის მხრივ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა კობა გევენეტაძემ და აღნიშნა, რომ ამის დასტურია ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანტარდ ენდ ფუარსის“ (Standards and Poor’s) მიერ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის BB– დან BB-მდე გაზრდა.
მისივე თქმით, გრძელდება მუშაობა ფინანსური სექტორის სტაბილურობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, გაუმჯობესებულია ფინანსური სექტორის სტაბილურობის ჩარჩო, ზედამხედველობა და რეგულირება.
„ეს ყველაფერი აძლიერებს საბანკო სექტორის უნარს და, შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის უნარს, უკეთ გაუმკლავდეს შოკებს. გაუმჯობესებული ეკონომიკის მდგრადობის ფონზე, როგორც საგარეო, ასევე შიდა მერყეობების მიმართ, ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამა ასევე წარმატებით გაგრძელდება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.