კობა გვენეტაძე - სავალუტო ფონდის პროგრამა, რომელიც მონეტარული და ფინანსური სტაბილურობის სისწორის აღიარებას ნიშნავს, ეხმარება ქვეყანას სუვერენული რეიტინგის მიმართულებით
მოხარული ვართ, რომ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პირველ მიმოხილვაზე შეთანხმება მოხდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გლობალურად, მაღალი გაურკვევლობის და გეოპოლიტიკურად დაძაბულ პირობებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის დროულ, შეუფერხებელ და წარმატებით განხორციელებას დიდი დატვირთვა აქვს.
„ინფლაციის შემცირების გონივრული პოლიტიკა, ფისკალური და სავალუტო ბუფერების გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმების წინ წაწევა, რასაც ეს პროგრამა ითვალისწინებს, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას განამტკიცებს და ეკონომიკის მდგრადობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მისიამ ცალსახად დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ გაწეული პოლიტიკა. მისიისთვის მისასალმებელია ეროვნული ბანკის ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და რეზერვების გონივრული მართვა. მისიის შეფასებით, ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ შეინარჩუნა გაცვლითი კურსის მოქნილობა და მიმდინარე წელს საგარეო შემოდინებების მატებით შექმნილი ხელსაყრელი პირობების ფონზე და ცენტრალური ბანკების სტანდარტული ინტერვენციების ინსტრუმენტებით, დააგროვა საერთაშორისო რეზერვები. გაზრდილი საგარეო შემოდინებების ფონზე, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას ველით. წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5%-ამდე შემცირდება. მაშინ, როცა ის 2021 წელს 10,4 პროცენტი, 2020 წელს კი კიდევ უფრო მაღალი იყო“,- განაცხადა გვენეტაძემ.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ეროვნული ბანკის სწრაფმა და ეფექტურმა ნაბიჯებმა ფინანსურ სექტორზე უკრაინაში ომის გავლენა მნიშვნელოვნად შეამცირა, მათ შორის კომერციული ბანკებისთვის საერთაშორისო სანქციებზე მიერთების დროულად მოთხოვნით.
„სსფ-ს მისიის შეფასებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ინფლაციას შემცირების დაღმავალი ტრენდი ექნება და წლის საშუალო ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე 2024 წელს შემცირდება. პროგნოზი თანხვედრაშია ეროვნული ბანკის პროგნოზთან.
სსფ-ს მხარდაჭერილი პროგრამა, რომელიც ქვეყნის მონეტარული და ფინანსური სტაბილურობის სისწორის საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს, ეხმარება ქვეყანას სუვერენული რეიტინგის მიმართულებით, რაც ინვესტორებისთვის დადებითი გზავნილია“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
საქართველოს ხელისუფლებას და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე.