კობა გვენეტაძე - სავალუტო ბაზარზე უფრო აქტიური მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ ქვეყანა უარს ამბობს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმზე
ეროვნული ბანკი ამ რთულ სიტუაციაში პერიოდულად წარდგება სავალუტო ბაზარზე, თუმცა ეროვნული ბანკის მიზანი არ არის კურსის რამე ნიშნულზე, რამე დონეზე შენარჩუნება, კურსი საბაზრო დინამიკისა და საბაზრო მექანიზმების საშუალებით იქნება ჩამოყალიბებული, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი წესზე დაფუძნებული ინტერვენციებსაც მიმართავს.
ამასთან, კობა გვენეტაძე მცურავი გაცვლითი კურსის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ სავალუტო ბაზარზე უფრო აქტიური მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ ქვეყანა უარს ამბობს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმზე.
„გადავწყვიტეთ, რადგან არაორდინარული სიტუაციაა, აუქციონების დამატებით, რომელიც მიმდინარეობს და ვაქვეყნებთ ინფორმაციას, როდესაც ინტერვენცია ხორციელდება, ჩვენ აგრეთვე გამოვალთ წესზე დაფუძნებული ინტერვენციებით. ეს ინტერვენციები ეფუძნება წესებს და მისი მიზანი არის ბაზარზე ჭარბი მერყეობის შემცირება ასეთ არაორდინარულ სიტუაციაში. როდესაც კურსის მერყეობა წინასწარ დადგენილ ნიშნულს გადასცილდება, ეროვნული ბანკი ერთვება ვაჭრობებში და მონაწილეობს განსაზღვრული რაოდენობით, ეს უკვე რამდენჯერმე მოხდა და ამ ინტერვენციების შესახებ ინფორმაცია თვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. მიუხედავად სავალუტო ბაზარზე უფრო აქტიური მონაწილეობისა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა უარს ამბობს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმზე, ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება არანაირი მერყეობა ბაზარზე, არ ნიშნავს, რომ კურსის რამე ნიშნულზე დაჭერას ვცდილობთ. მცურავი გაცვლითი კურსი და გაცვლითი კურსის მოქნილობა, ასეთ შოკებთან დაკავშირებით არის ყველაზე მნიშვნელოვანი დამცავი ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი დღესაც რჩება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მოკლევადიან პერიოდში იყო საკმაოდ დიდი გაუფასურებაც, მაგრამ ასევე მოკლევადიან პერიოდში საკმაოდ დიდი გამყარებაც იყო.
„ბევრმა ქვეყანამ, რომელიც ამ მიდგომას იყენებს, ასევე განიცადა გაუფასურება, მაგრამ შემდეგ ნაწილობრივ გამყარება. შეუძლებელია ასეთი შოკების ერთობლიობის შემდეგ კურსმა გარკვეული კორექტირება არ განიცადოს, რადგანაც ეს არის ერთადერთი საშუალება, რომელმაც შოკის დიდი ნაწილი უნდა შთანთქას და, რომელმაც უნდა მოამზადოს ეკონომიკა იმ პერიოდისათვის, როცა შოკი გადაივლის, საქართველო დარჩეს კონკურენტუნარიანი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.