კობა გვენეტაძე - საქართველოში შემოვიდა იმაზე ნაკლები ტურისტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა და ეს გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე
საქართველოში შემოვიდა იმაზე ნაკლები ტურისტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა და ეს გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ლარის კურსთან დაკავშირებით დღეს საქართველო გადის საგარეო შოკს.
„საქართველოში ტურისტული შემოდინებებიდან მოსალოდნელი რაოდენობა არის შემცირებული და ეს დასტურდება რიცხვებითაც. ამ ეტაპზე საქართველოში შემოვიდა იმაზე ნაკლები ტურისტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა, ეს გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი. მე აბსოლუტურად მესმის ყველასი, ვინც ამის გავლენას განიცდის. შოკები ყოველთვის არის მოსალოდნელი და პატარა ზომის ღია ეკონომიკისთვის მიმართულება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს დედოლარიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლები არის ეროვნულ ვალუტაში, სესხები აღებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში. ეს არის ყველაზე კარგი პრევენცია, რათა ნორმალურად და ყველაზე ნაკლები დანაკარგებით მოხდეს გადატანა აი, ასეთი სიტუაციების. საქართველომ ერთხელ უკვე გაიარა ასეთი პერიოდი, ეს იყო 2014-2016 წლები. ამ პერიოდშიც კი საქართველოში იყო ზრდა და უმუშევრობა ქვეყანაში არ გაზრდილა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი, ეს არის დაბალი და სტაბილური ინფლაცია.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახეთ, რომ კურსის განვითარება გავლენას ახდენს ინფლაციაზე, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომელთა საშუალებითაც მოვახდენთ გავლენას, განვახორციელებთ ამ ზომებს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას“, – განაცხადა გვენეტაძემ.