კობა გვენეტაძე - საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, რის გამოც მასზე ყოველთვის აისახება რეგიონის ეკონომიკური მიმდინარეობები
საქართველოში ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსია, რაც ნიშნავს, რომ მასზე ყოველთვის აისახება რეგიონის ეკონომიკური მიმდინარეობები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განუცხადა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, „თუ ასეთი ასახვა არ მოხდა, ეს ნიშნავს, რომ პრობლემები დაგროვდება და მერე ერთბაშად გამოვლინდება“.
„მცურავი გაცვლითი კურსი არის ზუსტად ის მექანიზმი, რომელიც თავიდან აგვარიდებს დიდ მერყეობებს. ამასთან, ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც დღეს ეკონომიკაში გვაქვს, ნამდვილად კარგია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც შეიძლება იყოს, საქართველოს ეკონომიკა კარგად გაუძლებს. ისევ და ისევ ამისთვის მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნება და რეზერვების დაგროვებაა აუცილებელი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.