კობა გვენეტაძე - საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ საშუალო ინფლაცია შემცირდა
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ საშუალო ინფლაცია შემცირდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2009 წლიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 4.7 პროცენტია, რაც ინფლაციის საშუალო მიზნობრივ მაჩვენებელს უტოლდება.
„მოგეხსენებათ, 2018 წლამდე ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი სამ პროცენტზე მაღალი იყო და 2009 წლიდან თუ ავითვლით, მისი საშუალო დონე 4.7 პროცენტია, რაც ინფლაციის თარგეთირების შემოღებამდე არსებულ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. შეგახსენებთ, რომ 1996-2008 წლებში ინფლაცია საშუალოდ 10.2 პროცენტი იყო. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ინფლაციის ოპტიმალური სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ეს, ძირითადად, განვითარებად ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპის გამო, არავაჭრობად სექტორში შედარებით მაღალი ინფლაციით აიხსნება. შესაბამისად, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები საშუალოდ – ერთი-ორი პროცენტის, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კი ორი-ოთხი პროცენტის ფარგლებშია განსაზღვრული. საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, როდესაც მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დოლარიზაციაც, მიუხედავად ჯერ კიდევ მაღალი დონისა, ინფლაციის თარგეთირების შემოღების წელთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია, 2018 წლიდან ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი სამ პროცენტამდე შემცირდა, რაც დღესდღეობით გრძელვადიან სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ფასების სტაბილურობა მაღალი და სტაბილური გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. მისი თქმით, ფასების სტაბილურობის მისაღწევად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, რომელიც დღეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად არის აღიარებული.
„ინფლაციის თარგეთირების პირობებში, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის – მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) – ცვლილებით მიიღწევა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციის დინამიკის პროგნოზირების, ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური რისკებისა და ინფლაციის მოლოდინების შეფასების შედეგად მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზი მის მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზრდება ან გამკაცრებული დარჩება და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ დონეს ჩამორჩება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდება, ანუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდება. ფულად ბაზარზე მიზნობრივი მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემდეგ ინსტრუმენტებს იყენებს: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატები, მთავრობის ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები მეორად ბაზარზე, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა. ბოლო წლების განმავლობაში ერთმანეთის მიმყოლი შოკების შედეგად ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს აღემატება. პანდემიის პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ინფლაციური წნეხი ძლიერი იყო. მსოფლიო მასშტაბით დაწესებულმა შეზღუდვებმა მიწოდების ჯაჭვების რღვევა გამოიწია და პროდუქტის წარმოების ხარჯები გაზარდა. ამავდროულად, მსოფლიოში სატრანსპორტო და სხვა საოპერაციო ხარჯები მკვეთრად გაზარდა, რაც, თავის მხრივ, თითქმის ყველა სახის პროდუქტის საბოლოო ფასზე აისახა. ინფლაციური წნეხი საერთაშორისო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდამაც გაამწვავა“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.